რას ყვება ქართველი მეზღვაური, რომელმაც მეკობრეთა ტყვეობაში სამი კვირა გაატარა: „თავის მოკვეთით გვემუქრებოდნენ“

ნიგერიის ტერიტორიული წყლებიდან გატაცებული ქართველი მეზღვაური რამაზ გვიანაძე, რომელიც ოჯახს ორი კვირის წინ დაუბრუნდა, გაზეთ „კვირის პალიტრას“ ვრცელ ინტერვიუს აძლევს. ლიბერიის დროშით მცურავი ნავთობტანკერი “ლეონ დიასი“ ბერძნულ კომპანია “ლეონ შიფინგ ენდ თრეიდინგს“ ეკუთვნის.
“30 იანვარს ნიგერიის ტერიტორიულ წყლებს გავდიოდით, ტოგოდან კონგოსკენ მივემართებოდით. დაახლოებით პირველის ნახევარი იქნებოდა,რომ კაპიტნის მეორე თანაშემწემ შენიშნა შეიარაღებული შავკანიანები, რომლებიც გემს მოუახლოვდნენ და ამოსვლა დააპირეს. კაპინტნის მეორე თანაშემწემ სასწრაფოდ გამაფრთხილებელი საყვირი ჩართო. მე იმ დროს მეძინა, სწრაფად წამოვხტი და დავინახე, რომ ყველა სამაშველო მანქანისკენ გარბოდნენ! სამაშველო მანქანას ვუწოდებთ ადგილს, სადაც შეგიძლია შეხვიდე, კარი ჩაკეტო და შიგნით ვეღარ შემოაღწევს. თავდამსხმელებმა (14 კაცი იყო) კაპიტნის მეორე თანაშემწე იარაღით დაჭრეს,თუმცა მან სამაშველო მანქანაში მაინც შემოასწრო. კაპიტანი, ელექტრომექანიკოსი და მეორე მექანიკოსი კი ტყვედ აიყვანეს. მერე კარი გატეხვა დიდი ჩაქუჩით სცადეს, თან დაგვიძახეს, კაპიტანს მოვკლავთ, თუ კარს არ გააღებთო და ჩვენც დავნებდით. ყველანი გარეთ გამოგვყარეს და იტაკზე დაჯდომა გვიბრძანეს. გვითხრეს,ხელს არ გახლებთ,მხოლოდ გემის ძარცვა გვინდაო. მოხსნეს კომპიუტერები,აკრიფეს მობილური ტელეფონები და ოქროს ნივთები,შემდეგ კაპიტანს უბრძანეს გემის წაყვანა პლატფორმისკენ, სადაც ნავთობს ქაჩავენ. იქამდე 12 საათის სავალი იყო, რომ მივედით, ეკიპაჟის 20 წევრიდან 5 კაცი კატერებზე გადაგვსხეს.
მათთვის მთავარი პერსონა კაპიტანი იყო. პირველ რიში, ის და უფროსი მექანიკოსი აიყვანეს. მერე კიდევ 3 აგვარჩიეს, სამივე თეთრკანიანი, ალბათ კანის ფერის მიხედვით, გვითხრეს, თქვენს სანაცვლოდ გამოსასყიდს მოვითხოვთო. გემზე ქართველი მხოლოდ მე ვიყავი. ჯუნგლებში ორი საათი გვატარეს,სადღაც მიგვიყვანეს და მიწაზე დალაგებულ ფიცრებზე დაწოლა გვიბრძანეს. იქ კიდევ 15-ოდე კაცი დაგვხვდა, მეკობრეების მეკავშირეები. ასევ გავატარე 21 დღე ჯუნგლებში. ყოველდღე თავის მოკვეთით გვემუქრებოდნენ. ერთმანეთთან საუბრის უფლებასაც არ გვაძლევდნენ. ღია ცის ქვეშ, ფიცრებზე გვეძინა, საკვებად მხოლოდ მაკარონი გვქონდა. ძალიან ცოტა სასმელ წყალს გვაწვდიდნენ,რადგან თავადაც ცოტა ჰქონდათ. ხშირად ვფიქრობდი ოჯახზე, ჩემს შვილებზე. ვიცოდი, ერთი თვე თუ გავიდოდა და ჩვენს გამოსასყიდ თანხას არავინ გადაიხდიდა,თავის მოკვეთა არ აგვცდებოდა.
როცა კომპანიის წარმომადგენელი მეკობრეებს თანხის გადახდას დაჰპირდა, ოჯახებში დაგვარეკინეს, სასაუბროს 10-15 წამი მოგვცეს, ესღა მოვასწარი: „ნუ გეშინიათ, ცოცხალი ვარ“! ოცდამეერთე დღეს ისევ ფეხით გვატარეს და მერე ჩაგვსხეს კატერში. ფული მეკობრეებს წყალშივე გადასცეს – ვიღაც ქალი მოვიდა კატერით და ფული მოიტანა. ეს იყო დაძაბული წუთები. თანხას ერთი ცენტიც რომ დაჰკლებოდა, დაგვხრეტდნენ. შემდეგ გადაგვსხეს იმ ქალის კატერში, რომელმაც უახლოეს ქალაქამდე მიგვიყვანა და სასტუმროშო დაგვაბინავა. იქიდან ლაგოსში დაცვის თანხლებით გადაგვიყვანეს,სადაც ჩვენი კომპანიის წარმომადგენელი დაგვხვდა, რომელსაც ვკითხე, ვინ გადაიხადა ფული და რამდენი-მეთქი. მან მითხრა -„მთავარია, გადაგარჩინეთ!“. ამის შემდეგ საქართველოში გადმომაფრინეს. ხარჯი კომპანიამ გაიღო,სავარაუდოდ, გამოსასყიდიც მან გადაიხადა…42 წლის ვარ, 22 წელია ამ საქმეს ვემსახურები და ასეთ საფრთხეში არასოდეს ვყოფილვარ“,- აცხადებს მეზღვაური.

რამაზ გვიანიძე ამბობს, რომ მიუხედავად აღნიშნული ინციდენტისა, ის შორეულ ნაოსნობაში წასვლაზე უარს არ იტყვის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები