ირაკლი ალასანიამ საზოგადოებას პარტიის ახალი წევრი წარუდგინა

ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი პარტია ”თავისუფალი დემოკრატების” გუნდს შეუერთდა. ფირალიშვილი საზოგადოებას პარტიის ლიდერმა ირაკლი ალასანიამ წარუდგინა. ზაზა ფირალიშვილი „თავისუფალ დემოკრატებთან“ წლებია აქტიურად თანამშრომლობს.
როგორც ირაკლი ალასანიამ განაცხადა, ეს მუშაობა განსაკუთრებით აქტიური იყო 2011-2012 წლების საარჩევნო პერიოდში, თუმცა არც მას შემდეგ შეუწყვეტია პარტიასთან აქტიური თანამშრომლობა და ურთიერთობა.
ფირალიშვილი პარტიაში განათლების, კულტურის და მეცნიერების მიმართულებით იმუშავებს. ირაკლი ალასანიას თქმით, ფილოსოფოს ზაზა ფირალიშვილის პარტიაში გაწევრიანებით გრძელდება „თავისუფალი დემოკრატების“ რიგების გაფართოება და გაძლიერება.
„პარტია „თავისუფალი დემოკრატები“ დაარსების დღიდან გამოირჩეოდა მაღალი ზნეობრივი და პროფესიული სტანდარტის ადამიანების ერთობით. დღეს მე კიდევ ერთხელ ვარ ბედნიერი იმით, რომ შემოგვემატა გამორჩეული ინტელექტუალი, შეუბღალავი რეპუტაციის და მაღალი პროფესიული სტანდარტის ადამიანი ზაზა ფირალიშვილი. ნათელი და მოაზროვნე ადამიანების, როგორიც ბატონი ზაზაა, ჩვენს გვერდში ყოფნა გვაძლიერებს სულიერადაც და პრაგმატული თვალსაზრისით გვიმტკიცებს რწმენას, რომ ქვეყნის მომავლის უკეთესისკენ შესაცვლელად ნებისმიერი სიმძიმის ტვირთს ავწევთ.
ბატონი ზაზას ჩვენთან ყოფნა ნიშნავს, რომ ქვეყნის მომავლის მთავარი პტიორიტეტი, განათლება, მეცნიერება და კულტურა, დაგეგმილი იქნება გონიერი და პატრიოტი ადამიანის მიერ. საქართველოში ცვლილებებისთვის ლიდერების ირგვლივ ხშირად ერთიანდებოდნენ პატრიოტი და გულანთებული ადამიანები. მომდევნო ჯერზე ხალხი ვრჩებოდით გულაცრუებული, რადგან ტოტალიტარიზმის კედლის ჩამონგრევის მერე, ლიდერებს უქრებოდათ ღირებულებითი სახელმწიფოს შენების სუვილი. მე ჩემს მთავარ პასუხისმგებლობად მიმაჩნია, რომ ჩვენ შევიკრიბეთ, არა ბრაზისა და ნგრევისთვის, არამედ უკეთესი მომავლის შენებისთვის. მომავლის აჩქარებული შენებისთვის. ამას ჩვენი პროფესიონალიზმით მივაღწევთ. მე მყავს საუკეთესო გუნდი და მე მათ და ჩვენ ერთად საქართველოს იმედს არ გავუცრუებთ“, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
პარტიაში გაწევრიანების საფუძველზე ვრცლად ისაუბრა თავად ზაზა ფირალიშვილმაც.
„2011 წლის ოქტომბრიდან 2012 წლის არჩევნებამდე განმავლობაში მე მჭიდროდ ვთანამშრომლობდი „თავისუფალ დემოკრატებთან“ და არც მას შემდეგ შემიწყვეტია მათთან ურთიერთობა. ყველაზე მძაფრი პოლიტიკური სიტუაციის დროსაც ამ პარტიის წარმომადგენლები ინარჩუნებდნენ რაციონალიზმს, წონასწორობას და პოპულისტური ცეცხლოვანი რიტორიკისათვის არ შეუწირავთ ქვეყნის სტრატეგიული ინტერესები. ესაა რაციონალური და ცივილიზებული პოლიტიკური კულტურის მატარებელი ძალა. ეს პოლიტიკური ძალა ცდილობს, რომ თავისუფლებისა და დემოკრატიის იდეალები ჩვენი კულტურის ორგანულ ნაწილად აქციოს ისე, რომ არ დაუპირისპირდეს კულტურის ძირეულ პარადიგმებს. ჩვენს ისტორიულ სიტუაციაში ეს ძალზე მნიშვნელოვანი რამ არის. ჩვენ მრავლად გვინახავს ლიბერალური ყაიდის პოლიტიკური მოძრაობები, რომლებიც თავის პათოსს ხშირად ჩვენი კულტურის ბუნებრივი რეჟიმის წინააღმდეგ მიმართავდნენ და ერთგვარი ქირურგიული ჩარევით ცდილობდნენ მის შეცვლას. შედეგად კი ამას საპირისპირო შედეგი – ექსტრემისტური რელიგიური და ეთნოფეტიშისტური განწყობების გაძლიერება მოჰყვა. ეროვნულ, რელიგიურ და ზნეობრივ ღირებულებებზე ინიციატივის აღებას შეეცადნენ ის ძალები, რომლებიც იმ სამყაროში გვიბრუნებენ მიბრუნებას, რომლისგან თავის დაღწევასაც არაერთი თაობის ძალისხმევა მოხმარდა. შეიქმნა პარადოქსული ვითარება: კულტურული იდენტობის დაცვის სახელით გამოდიან დაუფარავად თუ ცუდად შენიღბული პრორუსული ძალები. თავისუფალ დემოკრატებს ძალუძთ დაანახონ ქართულ საზოგადოებას, რომ კონფლიქტი ჩვენს სულიერებასა და ევრო-ამერიკულ სამყაროებს შორის მხოლოდ მავანთა წარმოსახვაში არსებობს. ისიც აშკარაა, რომ ამ პარტიაში თავმოყრილი ადამიანები თავისი სფეროების პროფესიონალებს წარმოადგენენ და მათთვის უცხოა, პოპულიზმისათვის ხარკის გადასახდელად უსაფუძვლო განცხადებების გაკეთება. ეს კი იმედს იძლევა იმისა, რომ ამ პარტიას ძალუძს, მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს ჩვენს სახელმწიფოებრივ აღმშენებლობაში. ანალიტიკოსისა და კომენტატორის როლში ყოფნა საკმაოდ კომფორტულია, მაგრამ, ვფიქრობ, როდესაც ასეთი გააქტიურებულია ძალები, ახალ მონობას რომ გვპირდებიან, აუცილებელია ამ კომფორტის დათმობა და საკუთარი ძალისხმევის გაღება. რა მიმაქვს მე? ჩემი მხრივ, იმედი მაქვს, რომ ამ პოლიტიკურ ძალას მოვახმარ ჩემს გამოცდილებას როგორც ზოგადად ანალიტიკური საქმის თვალსაზრისით, ისე, კონკრეტულად განათლების, კულტურისა და მეცნიერების სფეროთა ცოდნით“, – განაცხადა ზაზა ფირალიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები