„ნაციონალურმა მოძრაობამ“ დღევანდელი აქციით საქართველოს მტრის მიერ ჩარიცხული ფული გაათეთრა“

“ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავადაც მშვენივრად იცოდა, რომ დღევანდელი აქცია ჩაიშლებოდა, – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „ძლიერი ქალი-ძლიერი სახელმწიფოს” ხელმძღვანელმა, ჟურნალისტმა ლალი მოროშკინამ “კვირას“ „გაზპრომის“ წინააღმდეგ გამართული აქციის შეფასებისას განუცხადა.
მოროშკინა თვლის, რომ დღევანდელ აქციაზე “ნაციონალურ მოძრაობას“ ხმამაღალი განცხადებების კეთების ნაცვლად, ქართული საზოგადოებისთვის ბოდიში უნდა მოეხადა. ჟურნალისტის თქმით, სწორედ აღნიშნული პარტიის მმართველობის დროს გადაეცა რუსეთს საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ობიექტები. მოროშკინას განცხადებით, აღნიშნულის გამო მათ არ აქვთ არანაირი მორალური და ლეგიტიმური უფლება დღეს მსგავსი მოთხოვნებით აქციები გამართონ.
“ნაციონალური მოძრაობისგან“ მნიშვნელოვანი იქნებოდა ბოდიშის მოსმენა, ქართველი ხალხი არის ტოლერანტული, მიმტევებელი… მათ დღეს რომ ბოდიში მოეხადათ, შესაძლოა, ქართულ საზოგადოებას რაღაცა პროცენტით მათთვის ეს ცოდვები ეპატიებინა. სააკაშვილის ცხრაწლიანი მმართველობის განმავლობაში ჩვენ ვდებდით გასხვისებული სტრატეგიული ობიექტების ძალიან ვრცელ სიას, რომელთაც საქართველოსთვის არტერიის ფუნქცია ჰქონდათ და რომლებიც სამწუხაროდ, აღმოჩნდა რუსების ხელში. ეს მოხდა 2008 წლის ომამდეც და ომის შემდეგაც, დღესაც, მცოცავი ოკუპაციის ფონზე, ჩვენ არ ვიცით ომის შემდეგ სააკაშვილმა რა შეთანხმებას მოაწერა ხელი, რომელ ექვსპუნქტიან ხელშეკრულებას და რეალურად რა ეწერა იმ ხელშეკრულებაში.
სააკაშვილი იმასაც არ ეუბნებოდა ქართველ ხალხს, რა წააგო და რა დატოვა ომის დროს. დღეს ამ ფონზე გამოდიან და რაღაცას აპროტესტებენ სრულიად უსაფუძვლოდ, მე ვფიქრობ, არჩვენების შემდეგი ოთხი წელი იქნება პერიოდი, როდესაც ყველას მოეკითხება ძველი ცოდვები.
ის, რომ ეს აქცია ჩაეშლებოდათ, თავადვე იცოდნენ, იმიტომ იძახა დავით ბაქრაძემ ბრტყელ-ბრტყელი სიტყვები, რომ თურმე ასე უნდა აფხიზლოს ხელისუფლება. მე მინდა მივმართო ბაქრაძეს: ასე არ აფრთხილებდი მოსახლეობას – დანებით-ჩანგლებით და ტაფებით დაიცავით თავიო?! სულ რაღაც 50-60 კაცი იყო გამოსული აქციაზე, მათ თვითონაც არ იცოდნენ რას აპროტესტებდნენ, ბანერები ჰქონდათ უკვე დაბეჭდილი, ასეთ ბანერებს ჩვეულებრივი შემოსავლის მქონე მოქალაქეები ვერ დაბეჭდავდნენ. დღევანდელი აქციით “ნაციონალურმა მოძრაობამ“ გაათეთრა საქართველოს მტრისგან მიღებული გრანტი, საქართველოს კი საკმაოდ ბევრი მტერი ჰყავს. ეს ბანერები კარგა ხნით ადრე დაბეჭდეს, გადმორიცხული ფული რაღაცაში რომ უნდა გაეწერათ“, -განუცხადა “კვირას“ ლალი მოროშკინამ.
ლალი მოროშკინას თქმით, დღეს გამართული აქცია კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ “ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგი კატასტროფულად დაეცა. ჟურნალისტი ამბობს, რომ ასევე დაეცეა მიხეილ სააკაშვილის რეიტინგი უკრაინაში. მოროშკინას თქმით, მასთან ამაზე უკრაინელები ღიად საუბრობენ.
“ნაციონალური მოძრაობის“ 15%-იანი რეიტინგი 6%-მდე დაეცა. მათი ლიდერი მიხეილ სააკაშვილიც იგივე დღეშია. მინიმუმ კვირაში ერთხელ მაინც მაქვს ურთიერთობა უკრაინელებთან და ვიცი, რომ ეს ადამიანი კარგავს არა მხოლოდ რეიტინგს, არამედ ნდობას და სერიოზულად აღარ მოიხსენებენ. მას შაპიტოს ფუნქცია აქვს მხოლოდ მორგებული“, – აღნიშნავს მოროშკინა.
შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაგეგმილი აქცია „არა გაზპრომს“ ხალხის მცირე რაოდეობის გამო ჩაიშალა. აქცია ცოცხალი ჯაჭვის სახით კანცელარიიდან რუსეთის ყოფილ საელჩომდე უნდა გამართულიყო. ჯაჭვი ვერ შედგა და „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტების ჯგუფმა აქცია მხოლოდ მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები