ყირიმელი თათრები საკუთარ რეფერენდუმს ჩაატარებენ
ყირიმი 5 ათასმა თათარმა დატოვა. ყირიმელი თათრები საკუთარ რეფერენდუმს ჩაატარებენ, რათა განსაზღვრონ შემდეგი ნაბიჯები,- განაცხადა ყირიმელი თათრების ყოფილმა ხელმძღვანელმა, უკრაინის სახალხო დეპუტატმა, ფრაქცია “ბატკივშინას” წევრმა მუსტაფა ჯემილევმა.
“ჩვენ 29 მარტს ყირიმელი თათრების ნაციონალური ყრილობა დავნიშნეთ, რომელიც სიმფეროპოლში გაიმართება. ერთ-ერთი კითხვა ყირიმელი თათრების თვითგამორკვევა იქნება. ასე მოხდა 16 მარტს. რეფერენდუმში მონაწილეობა არ მიგვიღია, ახლა კი ჩვენი რეფერენდუმის ჩატარება გვინდა”, -განაცხადა ჯემილევმა კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისივე თქმით, საკითხები, რომლებიც რეფერენდუმზე იქნება გამოტანილი, ჯერ კიდევ დაზუსტებით ჩამოყალიბებული არ არის, თუმცა ის უკრაინულ კანონმდებლობას არ შეეწინააღმდეგება. ჯემილევმა დაამატა, რომ რადაში მომზადებულია კანონპროექტი, რომელიც ოკუპირებულ ყირიმს ეხება, სადაც ნახსენებია, რომ ოკუპაციურ ხელისუფლებასთან თანამშრომლობა სამშობლოს ღალატად შეფასდება. ახლა ყირიმში სახელმწიფო მომუშავე პერსონალს სამსახურის დატოვებას სთხოვენ და მათ ახლიდან მას შემდეგ გააფორმებენ, რაც რუსეთის მოქალაქეობას მიიღებენ. მისი თქმით, ყირიმში 180 ათასი ყირიმელი თათარია, რომელთაც ხმის მიცემის უფლება აქვთ, თუმცა 16 მარტს გამართულ რეფერენდუმში 950 ყირიმელი თათარი მონაწილეობდა. მისივე თქმით, უკრაინის პოზიციაზე დამოკიდებულია, დატოვებენ თუ არა ყირიმელი თათრები ყირიმს.