პროკურატურის ორგანოებში 30 სტაჟიორი ვაკანტურ პოზიციებზე დაინიშნა

საქართველოს პროკურატურის ორგანოებში 2015-2016 წლებში სტაჟირების გავლის შედეგად, სტაჟირების გავლის კომისიის მიერ შერჩეული საუკეთესო შედეგების მქონე 30 პირი პროკურორისა და გამომძიებლის შესაბამის ვაკანტურ თანამდებობებზე დაინიშნა.
საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე მოადგილეებთან ერთად ახლად დანიშნულ პროკურორებსა და გამომძიებლებს პირადად შეხვდა, სტაჟირების ეტაპის წარმატებით გავლა მიულოცა, შემდგომ პროფესიულ საქმიანობაში წარმატებები უსურვა და სერტიფიკატები გადასცა.
საქართველოს პროკურატურაში სტაჟიორები ერთი წლის განმავლობაში პროკურორისა და გამომძიებლისთვის აუცილებელ უნარ-ჩვევებს ეუფლებოდნენ და კანონმდებლობით განსაზღვრულ უფლებამოსილებას ახორციელებდნენ, რის შემდეგაც გასაუბრება გაიარეს საქართველოს პროკურატურის ორგანოებში სტაჟირების გავლის კომისიასთან, სადაც მათი ერთწლიანი საქმიანობის შეფასება მოხდა.
შეფასებისას გათვალისწინებული იყო მათ მიერ გაწეული საქმიანობა, სტაჟირების ხელმძღვანელების შეფასებები, გავლილი ტრენინგები და ტესტირებები. ბოლო წლების განმავლობაში პროკურატურის ორგანოებში სტაჟირება 500-ზე მეტმა პირმა გაიარა. დღეისათვის საქართველოს პროკურატურაში 452 პროკურორიდან 230, ხოლო 93 გამომძიებლიდან 47 ყოფილი სტაჟიორია. რაც შეეხება მენეჯერულ პოზიციებს, მათი უმრავლესობა ასევე სტაჟირებაგავლილ პირებს უკავიათ. მათ რიცხვში შედის მთავარი პროკურორი, მთავარი პროკურორის მოადგილე, დეპარტამენტის უფროსები და მოადგილეები, სამმართველოს უფროსები, საოლქო და რაიონული პროკურორები და მათი მოადგილეები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები