თბილისის მერია ჟესტური ენის სწავლების პროექტს აფინანსებს

თბილისის მერიამ, ყრუ და სმენადაქვეითებული პირებისთვის, კომუნიკაციისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, ახალგაზრდა თარჯიმან დაქტილოლოგების მომზადების პროექტი დააფინანსა.

თბილისის მერიამ და „ყრუთა კავშირმა“ ჟესტური ენის ახალგაზრდა თარჯიმნების სწავლება-დასაქმების დაფინანსების შესახებ ხელშეკრულება გააფორმეს. ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსმა გელა ჩივიაშვილმა და „ყრუთა კავშირის“ თავმჯდომარემ ამირან ბატატუნაშვილმა. ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონიას დაესწრო თბილისის საკრებულოს წევრი, მერიის შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს აღმასრულებლი მდივანი რატი იონათამიშვილი.
გელა ჩივიაშვილის განცხადებით, 18 ახალგაზრდა სპეციალისტის მომზადებით მერია ჟესტური ენის ინსტიტუტის გაძლიერებას და ახალგაზრდა კადრების მომზადებას უწყობს ხელს.
„ახალგაზრდებს ამ პროფესიის დასაუფლებლად დავაინტერესებთ, რათა მომავალში ყრუ და სმენადაქვეითებულ პირებს შესაბამისი მომსახურება გაუწიონ. ეს არის მნიშვნელოვანი ფაქტორი საზოგადოებაში მათი ინტეგრაციისთვის. მერიამ მსგავსი ხელშეკრულება გასულ წელსაც გააფორმა და მომავალშიც გააგრძელებს ამ თემის წარმომადგენელთა მხარდაჭერას“, – აღნიშნა გელა ჩივიაშვილმა.
18 ახალგაზრდა სპეციალისტის მომზადება-დასაქმების პროექტის ბიუჯეტი 19 800 ლარია. პროექტი თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის შშმ პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციისა და სოციალური დაცვის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები