ირაკლი შიხიაშვილის ადვოკატი 2 ვეტერანს ცილისწამებაში ადანაშაულებს

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის, ირაკლი შიხიაშვილის ადვოკატი, ვეტერანების – ვახტანგ მაჭავარიანისა და კოხტა კორგანოვის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელს შეიტანს,-ამის შესახებ შიხიაშვილის ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა.
შიხიაშვილის ადვოკატის თქმით, სარჩელს პატივისა და ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შელახვის გამო შეიტანენ.
როგორც კობაიძემ განმარტა, მათი სასარჩელო მოთხოვნა იქნება ვეტერანების – კორგანოვისა და მაჭავარიანის მიერ გავრცელებული ცრუ ინფორმაციების უარყოფა მოხდეს. ან მათ თავიანთი ბრალდებები დაადასტურონ და სასამართლოს წინაშე დაამტკიცონ.
ადვოკატის განცხადებით, კორგანოვი შიხიაშვილს ცემაში, მაჭავარიანი კი კორუფციაში და მის დაშინებაში სდებს ბრალს.
„კორგანოვის თქმით, ის 15-მა პიროვნებამ სცემა. ის ამბობს, რომ მის ცემაში ირაკლი შიხიაშვილიც მონაწილეობდა. მისივე ინფორმაციით, ადგილზე მივიდა საპატრულო ეკიპაჟიც და ცემა თითქოს პოლიციელების თვალწინ განხორციელდა. ეს არის სრული სიცრუე. კორგანოვი არავის უცემია. მას არც ცემის რაიმე ფაქტი ეტყობა. ბატონ კორგანოვს მოუწევს, აღნიშნული ბრალდებები სასამართლოში ამტკიცოს, ან უარყოს. რაც შეეხება ვახტანგ მაჭავარიანს, მან ცრუ ინფორმაცია გაავრცელა, რომ თითქოსდა, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში შექმნილია საგამოძიებო ჯგუფები, რომლებიც ვეტერანებს აშინებს. უკვე დროა, სასამართლოში გავარკვიოთ აღნიშნული ფაქტები. მაჭავარიანის მხრიდან ცილისმწამებლურ ფაქტებს ადგილი ადრეც ჰქონია, მათ თავიანთი ბრალდებების დადასტურება ან უარყოფა მოუწევთ“,- განაცხადა ლექსო კობაიძემ.
რაც შეეხება ვეტერანების მხრიდან გაჟღერებული ბრალდებების მოტივს, ადვოკატის ვარაუდით, მათ უკან კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფები დგანან და მათ ბრალდებებს პოლიტიკური სარჩული აქვს. ალექსანდრე კობაიძე სარჩელს სასამართლოში მიმდინარე კვირაში შეიტანს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები