ადვოკატი: მაგდა პაპიძე მეგობარი მამაკაცის გამო, მეუღლესთან დაშორებას არ აპირებდა

„მაგდა პაპიძე ვერ ხსნიდა, სად მიჰქონდა მის ქმარს ამდენი ფული და ოქრო“, – ამის შესახებ მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძის ადვოკატმა, მარიკა ფხალაძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა.
ადვოკატის ინფორმაციით, პაპიძის მეუღლეს, ომარ ქაფიაშვილს მაგდას მეგობარი მამაკაცის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონია.
მისივე თქმით, პაპიძე მეგობარი მამაკაცის გამო, მეუღლესთან დაშორებას არ აპირებდა.
„მე რამდენადაც ვიცი, მისმა მეუღლემ ამის შესახებ არაფერი იცოდა და არც ამის გამო აპირებდა მაგდა პაპიძე ოჯახის დანგრევას. ეს მისი პირადია და, მოდი, დავუტოვოთ ეს პირადი მას. რაც შეეხება მეუღლესთან ურთიერთობას, პაპიძე ამბობს, რომ ბოლო ორი თვე ჩემს მეუღლეს ვერ ვცნობდიო.
ვერ ცნობდა არა იმიტომ, რომ მათ ჰქონდათ ერთმანეთთან საშინელი კონფლიქტი, უბრალოდ ეს ორი თვე ადამიანი ძალიან ჩაიკეტა და ერთადერთი, რასაც პაპიძისგან ითხოვდა, ეს იყო, რომ მისთვის ფული და ოქრო მიეცა. მაგდა პაპიძე ვერ ხსნიდა, სად მიჰქონდა მის ქმარს ამდენი ფული და ოქრო“, – განაცხადა პაპიძის ადვოკატმა.
ამასთან, ადვოკატის ინფორმაციით, ბოლო ორი თვის განმავლობაში პაპიძის მეუღლე ძალიან ჩაიკეტა და მეუღლესთან პრობლემის შესახებ არ საუბრობდა, რაზეც პაპიძემ დედამისსაც კი უთხრა და დახმარება სთხოვა.
ადვოკატის თქმით, პაპიძისთვისაც ამოუხსნელია მისი მეუღლის ბოლო ორთვიანი ცვლილება, რაზეც ბრალდებული გამოძიებასაც ესაუბრა და სთხოვა, გამოეძიებინა, სად მიჰქონდა მის მეუღლეს ოქრო და ფული.
შეგახსენებთ, რომ მაგდა პაპიძეს მეუღლისა და ხუთი წლის შვილის მკვლელობაში ედება ბრალი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები