დაპირისპირება პირდაპირ ეთერში – რატომ იტყუები ასე უზნეოდ?!

„თქვენ რატომ მერჩით, ქალბატონო ნანა?! თქვენ გინდოდათ შეწყალების კომისიის წევრობა და ვერ მოხვდით“, – ამ სიტყვებით მიმართა ტელეკომპანია „იბერიას“ ეთერიდან საკრებულოს დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა ნანა კაკაბაძეს, სადაც უფლებადამცველსა და ელისაშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

ალეკო ელისაშვილმა ნანა კაკაბაძე დაადანაშაულა, რომ მას შეწყალების კომისიის წევრობა სურდა, ხოლო მას შემდეგ, რაც მიზანს ვერ მიაღწია, კომისიის კრიტიკა დაიწყო.
“ეკა ბესელია და მანანა კობახიძე რომ მერჩიან, ეს ჩემთვის გასაგებია, თქვენ რატომ მერჩით, ქალბატონო ნანა?! თქვენ გინდოდათ შეწყალების კომისიის წევრობა და ვერ მოხვდით, თქვენთვის ეს არის პრობლემა, თორემ არაფერი პრობლემა შეწყალების კომისიაში არ არის”, – მიმართა ალეკო ელისაშვილმა კაკაბაძეს.
უფლებადამცველმა იმ ადამიანის ვინაობის დასახელება მოითხოვა, რომლისგანაც ალეკო ელისაშვილმა გაიგო, რომ მას შეწყალების კომისიის წევრობა სურდა. ალეკო ელისაშვილმა კონკრეტული ადამიანის დასახელებისგან თავი შეიკავა, თუმცა აღნიშნა, რომ მან ამის შესახებ იმ ადამიანებისგან გაიგო, ვისგანაც შეწყალების კომისიის თავმჯდომარეობის შესახებ შეთავაზება მიიღო.
“შენ შეგიყვანეს შეწყალების კომისიაში, რომელსაც შეხება არ ჰქონია პატიმრებთან და მე, რომელიც ყოფილი პოლიტპატიმარი ვიყავი, მეუბნები, რომ მდომებოდა, იქ არ ვიქნებოდი და თქვენ, რომელსაც არანაირი კვალიფიკაცია არ გაგაჩნდათ, იქნებოდით?! იმიტომაც შექმენით პრობლემები შეწყალების კომისიაში. შენ ხარ ადამიანი, რომელსაც ნებისმიერი ტყუილის თქმა შეგიძლია. ისე ჩემმა შვილმა გაიხაროს, როგორც მე ერთი დღე მაინც მდომებოდა შეწყალების კომისიაში ყოფნა. ერთი ადამიანი დაასახელე, ვისაც ვუთხარი, რომ მინდა შეწყალების კომისიაში ყოფნა, რატომ იტყუები ასე უზნეოდ?! მე რომ მდომებოდა, გარწმუნებთ, რომ იქ ვიქნებოდი. მე არ ვთქვი ის, რასაც შენზე პატიმრები მეუბნებოდნენ, რადგან არ ვფიქრობდი, რომ კორუმპირებული იყავი და შენ რა გქონდა იმის საფუძველი, რომ გააკეთე განცხადება, ნანა კაკაბაძე სადაც იყო, იქ კორუფცია იყოო?! გამეცი პასუხი, რა გქონდა ამის საფუძველი, კითხვები რასთან დაკავშირებით იყო?! არ დამიმტკიცებ ამას და სადაც არ უნდა წახვიდე, იქ მოგთხოვ პასუხს”, – მიმართა ნანა კაკაბაძემ ალეკო ელისაშვილს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები