თინა ხიდაშელი „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ სიცრუის გავრცელებაში ადანაშაულებს

თავდაცვის მინისტრი არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ პასუხობს. როგორც თინა ხიდაშელმა გადაცემა „არჩევანში“ განაცხადა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ უწყების მიმართ პრეტენზიები ისე გამოაქვეყნა, თავდაცვის სამინისტროსთვის წერილობით არ მიუმართავს და, შესაბამისად, არცერთი დოკუმენტი არ მოუთხოვია.
თინა ხიდაშელი არასამთავრობო ორგანიზაციას მოუწოდებს, თავდაცვის სამინისტროს შესახებ საზოგადოებას სწორი ინფორმაცია მიაწოდოს.
„არსებობს ძალიან მარტივი დოკუმენტი, ამას მე იმ არასამთავრობო ორგანიზაციის გასაგონად ვამბობ, რომელსაც ამხელა პრეტენზია გაუჩნდა მოწმენდილ ცაზე, რომელიც საერთოდ არ დაინტერესებულა, სინამდვილეში რა მოხდა საგარეჯოს რაიონში არჩევნებზე. მათ თავდაცვის სამინისტროსთვის არცერთი წერილით არასოდეს მოუმართავთ.
ძალიან ვწუხვარ, ამას რომ ვამბობ, „საერთაშორისო გამჭვირვალეობა – საქართველოზე“, რადგან წლების განმავლობაში ჩვენ პარტნიორები ვიყავით, როცა მე სხვა არასამთავრობო ორგანიზაციაში ვიყავი. ახლა შეწუხდა და ასეთი ბრალდებებია და ითხოვს, პროკურატურამ გამოიძიოს. მათი საქმე ის არის, რომ დაინტერესდნენ, სინამდვილეში რა მოხდა და საზოგადოებას ობიექტური ინფორმაცია მიაწოდონ. მთავარი კიდევ უფრო საინტერესო თემაა – ეს არის ჯარისკაცთა კვება. ისინი, ელემენტარულად, რომ დაინტესებულიყვნენ და გამოეგზავნათ თავდაცვის სამინისტროსთვის წერილობით კითხვა – რამდენი ჯარისკაცი ჭამდა 2015 წელს მუხროვანში, თემა დამთავრებული იქნებოდა. 365 დღის განმავლობაში შემიძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ვაჩვენო, ყოველდღე რამდენი ჯარისკაცი ჭამს მუხროვანში. ამ დოკუმენტით ნათლად გამოჩნდება, რომ ეს ადამიანები, რომლებიც ჩამოვიდნენ ავღანეთიდან, ამჟამად მუხროვანში არიან და აგრძელებენ წვრთნას“, – განაცხადა თინა ხიდაშელმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“ -ის ეთერში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები