ციხეში აკრძალული საგნის შეტანის მცდელობის ფაქტზე დაწესებულების თანამშრომელი დააკავეს

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ სისტემის თანამშრომლის მიერ დანაშაულის ჩადენის მცდელობის ფაქტი აღკვეთა.
სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, პენიტენციურ დაწესებულებაში აკრძალული საგნის შეტანის მცდელობის ფაქტზე დაკავებულია დაწესებულების თანამშრომელი გ.მ. მიმდინარე წლის 1 მარტს პენიტენციური დაწესებულების საამანათო განყოფილებაში, ამავე დაწესებულების ინსპექტორ-კონტროლიორ გ.მ-ს საკვების და პირადი ნივთების შემოწმებისას, რომლის შეტანასაც იგი დაწესებულებაში ცდილობდა, ზეწარში ფარულად გადამალული აკრძალული საგნები – სამი ცალი საშუალო ზომის დანა აღმოაჩნდა.
როგორც უწყებაში აცხადებენ, გ.მ-ს ბრალად ედება პენიტენციურ დაწესებულებაში აკრძალული საგნის შეტანის მცდელობა, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-378 პრიმა მუხლის მესამე ნაწილით. საქმეზე გამოძიებას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის აღმოსავლეთის სამმართველო აწარმოებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები