მიხეილ მაჭავარიანი და გოგლა ჟვანია ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე ერთმანეთს მიხეილ მაჭავარიანი და გოგლა ჟვანია მას შემდეგ დაუპირისპირდნენ, რაც მაჭავარიანმა „საგადასახადო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების პროექტი წარადგინა.

გოგლა ჟვანია თვლის, რომ მიხეილ მაჭავარიანის ინიციატივა სერიოზული არ არის.

„სიმართლე გითხრათ, კითხვის დასმას არ ვაპირებდი, მაგრამ თქვენს ინიციატივას მაინცდამაინც სერიოზულობით ვერ ვეკიდები. ზოგადი საუბარი, რომ ეს ყველაფერი გამოიწვევს სიკეთეებს, ქვეყნის აყვავებას, ადამიანების ჯიბეების გასქელებას, ეს ყველაფერი კონკრეტულ ციფრებში გადაიყვანეთ. რამდენი მოაკლდება ბიუჯეტს, თუკი ეს ცვლილებები ამოქმედდება? რამდენად გაიზრდება ბიუჯეტის დეფიციტი და ამის გადაფარვას რითი აპირებთ? ეკონომიკურ ეფექტს რამდენი ხნის მერე ელოდებით, რომ მთელი მსოფლიოს ბიზნესმენები მოგვაწყდებიან და აქ ბიზნესის კეთებას დაიწყებენ?“, – მიმართა მაჭავარიანს ჟვანიამ.

მაჭავარიანმა კი ყურადღება კანონპროექტის არსზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ სწორედ ინიციატივის განსახილველად სთავაზობს პრემიერს შეხვედრას.

„თუკი ასე გააგრძელებთ, ბიზნესმენები ნამდვილად არ მოგაწყდებიან. გათვლები წერია და ბიუჯეტი პირველ ეტაპზე 660 მილიონი ლარით უნდა შემცირდეს. თქვენი ასეთივე ანალიზი მაინტერესებს იმაზე, როცა მთავრობა ცვლილებებს შემოიტანს. შეიძლება ეს თქვენ არ გესმოდეთ, მაგრამ პრემიერს შეხვედრას ამიტომ ვთავაზობდით“, – მიმართა ჟვანიას მაჭავარიანმა.

ჟვანიამ კითხვებზე პასუხის გაცემა მოითხოვა და აღნიშნა, რომ მაჭავარიანს კონკრეტული პასუხი არ აქვს.

„ჩვენ არ ვსაუბრობთ იმაზე, მე რა მესმის. კონკრეტული პასუხი არ გაქვთ და პასუხს ვერ მცემთ. კონკრეტული კითხვა მაქვს და ზოგადი საუბრები არ მჭირდება“, – მიმართა ჟვანიამ მაჭავარიანს.

მაჭავარიანმა საპასუხოდ აღნიშნა, არ აპირებს, ჟვანიასგან შენიშვნები მოისმინოს, რადგან პროექტი კვალიფიციურია.

„თქვენ დაიწყეთ და არ ვაპირებ, რომ ასეთი შენიშვნები თქვენგან მოვისმინო, რადგან ეს კანონპროექტი კვალიფიციურია. საქართველოს თქვენი კვალიფიკაცია ეტყობა. მთავრობის კანონპროექტი ამბობს, რომ ამაზე ნაკლები გადასახადების შემცირება იქნება. გეუბნებით, რომ მთავრობის დათვლა არაკვალიფიციურია. თქვენმა კვალიფიციურმა ფინანსთა მინისტრმა დაადასტურა, რომ მთავრობა 400 მილიონის შემცირებაზე უკვე მუშაობს. ეს ხარჯები რა უნდა იყოს? – ბიუროკრატიული, რომელიც, რაც თქვენ მოხვედით, გაიზარდა. როცა 27 გადასახადი 5-მდე შევამცირეთ, ეს გამოცდილება გვაქვს და თქვენგან არაკვალიფიციურობაზე დებატებს ვერ დავიწყებ“, – მიმართა ჟვანიას მაჭავარიანმა.

ინიცირებული ცვლილებების თანახმად, მოგების გადასახადი უქმდება, დივიდენდების გადასახადი 5%-დან 15 %-მდე იზრდება და საშემოსავლო გადასახადი 20%-დან 17,5%-მდე მცირდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები