საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ელექტრონული რუკები ყველასთვის ხელმისაწვდომია

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ელექტრონული რუკები ყველა დაინტერესებული პირისთვის ხელმისაწვდომია.
საჯარო რეესტრის ინფორმაციით, უწყების ვებგვერდზე napr.gov.ge განთავსებული სხვადასხვა ციფრული რუკა მომხმარებლებს – მოქალაქეებსა თუ დარგის სპეციალისტებს მრავალფეროვან სერვისებს სთავაზობს. მათივე ინფორმაციით, ელექტრონული საკადასტრო რუკით დაინტერესებულ პირებს საშუალება აქვთ, სრულიად უფასოდ, ინტერნეტით დაათვალიერონ მათთვის სასურველი ტერიტორია, გაეცნონ მის ადგილმდებარეობასა და სარეგისტრაციო დოკუმენტაციას. რუკა აღჭურვილია ძიების სხვადასხვა პარამეტრით, შესაბამისად, მისი მიწის ნაკვეთის ძებნა შესაძლებელია რეგიონის, ადგილმდებარეობისა და საკადასტრო კოდის მიხედვით.
როგორც საჯარო რეესტრში აცხადებენ, ძიების პარალელურად, დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ საკადასტრო რუკაზე შეარჩიონ მათთვის საინტერესო მონაკვეთი, გადაიხადონ შესაბამისი საფასური და ჩამოტვირთონ სასურველი ამონარიდი. გარდა ამისა, სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებულია სხვადასხვა მასშტაბის ძველი ტოპოგრაფიული რუკები და, ასევე, ქალაქ სიღნაღისა და ფოთის ინტერაქტიული რუკები. მათივე თქმით, ინტერაქტიული რუკების შექმნის პროცესში საჯარო რეესტრის სპეციალისტებმა ქალაქებში სხვადასხვა ობიექტის აღწერა და ფოტოების გადაღება განახორციელეს. ყველა მათგანი რუკაზეა დატანილი.
დაინტერესებულ პირებს საშუალება აქვთ, მარტივად და სწრაფად მოიძიონ მოსანახულებელი ადგილები, ქუჩები, სასტუმროები, საკვები, დასასვენებელი და კულტურული ობიექტები, ბანკები და ბანკომატები, მუზეუმები, ეკლესია-მონასტრები, საგანმანათლებლო და სამედიცინო მომსახურების დაწესებულებები, მიწის ნაკვეთები.
თითოეულ ობიექტს თან ერთვის ფოტოგალერეა და სრულყოფილი სასარგებლო ინფორმაცია, მისამართები, გეოგრაფიული კოორდინატები.
“ინტერაქტიული რუკის ინსტრუმენტებით ასევე შესაძლებელია სივრცითი ანალიზი, ობიექტებს შორის მანძილის განსაზღვრა, კონკრეტულ ადგილთან მიახლოება ან დაშორება („ზუმირება“), რუკის საინტერესო ფრანგმენტების დაბეჭდვა. ინტერაქტიული რუკები ორენოვანია და სასარგებლოა, როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ტურისტებისთვის”, – აცხადებენ რეესტრის პრესსამსახურში.
ციფრული რუკების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, საჯარო რეესტრმა პორტალი maps.napr.gov.ge შექმნა. პორტალზე მონაცემები მთელი საქართველოს მასშტაბით არის დატანილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები