იუსტიციის სამინისტრო გიორგი პაპუაშვილის კონკურსში მიღებულ შედეგებს ასაჯაროებს

იუსტიციის სამინისტრო გიორგი პაპუაშვილის კონკურსში მიღებულ შედეგებს აქვეყნებს. იუსტიციის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომელშიც გიორგი პაპუაშვილს მოუწოდებს, კიდევ ერთხელ გაეცნოს მისთვის გუშინ მიწოდებულ ამ ინდივიდუალურ შეფასებებს. აღნიშნულ განცხადებას “კვირა” უცვლელად გთავაზობთ:
„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე და იმ უსაფუძვლო თავდასხმების საპასუხოდ, რომელსაც სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი გიორგი პაპუაშვილი იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ ახორციელებს (საუბარია, განგებ ხელის შეშლაზე გამხდარიყო სტრასბურგში საქართველოდან წარსადგენი მოსამართლის კანდიდატი), იუსტიციის სამინისტრო აქვეყნებს სამთავრობო კომისიის თითოეული წევრის მიერ გიორგი პაპუაშვილისათვის მიკუთვნებულ ქულებს.
აქვე განვმარტავთ, რომ მაქსიმალური ქულა იყო – 5: თეა წულუკიანი – 0,5; ხათუნა თოთლაძე – 1; შალვა თადუმაძე – 0; მამუკა ვასაძე – 1; ეკა ბესელია – 2; ვახტანგ ხმალაძე – 4.5; მზია თოდუა – 2; უჩა ნანუაშვილი – 2.5; ზაზა ხატიაშვილი – 2; ირაკლი ბურდული – 3; ანა ნაცვლიშვილი – 2; საშუალო ქულა – 1.86.
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო მოუწოდებს ბატონ გიორგი პაპუაშვილს, კიდევ ერთხელ გაეცნოს მისთვის გუშინ მიწოდებულ ამ ინდივიდუალურ შეფასებებს და საშუალო ჯამურ ქულას, რომელიც სამთავრობო კომისიის სრულმა შემადგენლობამ 2016 წლის 28 თებერვალს ერთსულოვნად დაამტკიცა.
სპეციალური სამთავრობო კომისია, რომელმაც თავისი საქმიანობა გამჭვირვალეობის პრინციპის დაცვით და ყველა წევრის აქტიური ჩართულობით იმუშავა, მთავრობის განკარგულების საფუძველზე შეიქმნა.
წევრები არიან: იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი; საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ხათუნა თოთლაძე; საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე; საქართველოს მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე მამუკა ვასაძე; საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია; საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე; საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე მზია თოდუა; საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი; საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენელი ზაზა ხატიაშვილი; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი ირაკლი ბურდული; კოალიციის − „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის“ − წარმომადგენელი ანა ნაცვლიშვილი.
აღსანიშნავია, რომ კომისია იმ 11 კანდიდატს გაესაუბრა, რომლებმაც შერჩევის წინა ორი ეტაპი წარმატებით გაიარეს. გასაუბრების შედეგად შერჩეული ხუთი კანდიდატიდან მთავრობა სამ კანდიდატს შეარჩევს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წინაშე წარსადგენად. გასაუბრებამდე მოსამართლეობის მსურველებმა უკვე გაიარეს შერჩევის 2 ეტაპი. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის სურვილი 47-მა კანდიდატმა გამოთქვა, რომელთაგან 13 კანდიდატი შეირჩა წარმოდგენილი საბუთების მიხედვით. მათ ჩაუტარდათ ტესტირება ევროპის საბჭოს ერთ-ერთი ოფიციალური ენის (ინგლისური ან ფრანგული) ცოდნის დონის შესამოწმებლად. ტესტირებაზე გამოცხადებული 12 პრეტენდენტიდან კომპეტენციის საჭირო ზღვარი ყველა მათგანმა გადალახა“, – აღნიშნულია იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მთავრობის მიერ დამტკიცებული 3 კანდიდატიდან ერთ-ერთს ევროპის საბჭო 2016 წლის შემოდგომაზე აირჩევს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები