პაატა ბურჭულაძე: ყველა ცდილობს, გადამიბიროს

„საქართველოს განვითარების ფონდის” ხელმძღვანელის, პაატა ბურჭულაძის განცხადებით, ფონდის შექმნის დროს მას კონსულტაცია არავისთან გაუვლია. თუმცა, ფონდის პოლიტიკურ ძალად ჩამოყალიბების შემთხვევაში, ბურჭულაძე სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებთან კონსულტაციების გამართავს გეგმავს.
როგორც პაატა ბურჭულაძემ გაზეთ “კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში განაცხადა, ბიძინა ივანიშვილს 2012 წლის არჩევნების შემდეგ მხოლოდ ერთხელ, ბადრი პატარკაციშვილის 60 წლის იუბილეზე, პატარკაციშვილების სახლში შეხვდა.
მისი თქმით, მას მეგობრული ურთიერთობა აქვს როგორც ბიძინა ივანიშვილისთან, ასევე ირაკლი ალასანიასთან და “ნაციონალურ მოძრაობასთან”.
“ყველა ცდილობს, გადამიბიროს. რა შეთავაზებაზე უნდა იყოს ლაპარაკი, როდესაც არ ვართ პოლიტიკური პარტია. არ არის აუცილებელი, პოლიტიკოსი იყო და ისე ემსახურო შენს ქვეყანას, მაგრამ როცა ხედავ, რომ ქვეყანა არ ვითარდება სწორი გზით, მაშინ იძულებული ხარ, შეხვიდე პოლიტიკაში. ჩვენ ვცდილობთ, ეს ამბავი როგორმე ავიცილოთ თავიდან.
სხვათა შორის, ამ მთავრობის მინისტრებთანაც კარგი ურთიერთობები მაქვს, ზოგიერთთან ვმეგობრობ კიდეც, მაგრამ ჩემი პირადი ურთიერთობები და მეგობრები არაფერ შუაშია ქვეყნის განვითარებასთან. უმნიშვნელოვანეს საკითხად მიმაჩნია ის, რომ ხელისუფლებამ და ოპოზიციამ მოახერხონ და პირად პოლიტიკურ ინტერესებზე მაღლა ქვეყნის ინტერესები დააყენონ”, – განაცხადა ბურჭულაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები