ჩინეთში ექიმებმა პირველად ჩაატარეს კომერციული გამოყენებისთვის დამტკიცებული ტვინ-კომპიუტერის ინტერფეისის (Brain-Computer Interface – BCI) იმპლანტაციის ოპერაცია, რომელიც ზურგის ტვინის დაზიანების მქონე პაციენტებში ხელის ფუნქციის აღდგენას ისახავს მიზნად.
ოპერაცია შანხაის ჰუაშანის საავადმყოფოში ჩატარდა. სპეციალისტების ინფორმაციით, იმპლანტი პაციენტის ტვინის სიგნალებს აფიქსირებს და მათ სპეციალურ სისტემას გადასცემს, რაც მომავალში ხელის მოძრაობის აღდგენის პროცესს შეუწყობს ხელს.
კლინიკის განცხადებით, ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და მოწყობილობამ ტვინის სიგნალების მიღება უკვე დაიწყო. მომდევნო ეტაპზე პაციენტი რეაბილიტაციის პროგრამაში ჩაერთვება, რომლის ფარგლებშიც სისტემის ეფექტიანობას შეაფასებენ.
სპეციალისტების შეფასებით, აღნიშნული ტექნოლოგია ზურგის ტვინის დაზიანებით გამოწვეული პარალიზების მკურნალობის მიმართულებით მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევა და მომავალში მსგავსი პაციენტებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას შეუწყობს ხელს.
აღსანიშნავია, რომ ტვინ-კომპიუტერის ინტერფეისები კლინიკურ კვლევებში სხვადასხვა ქვეყანაში უკვე გამოიყენება, თუმცა ჩინეთში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც კომერციული გამოყენებისთვის დამტკიცებული BCI სისტემა რეალურ პაციენტს ჩაუნერგეს.