ბიძინა კუჭავას პირველი მეუღლე დუმილს არღვევს – ახლაც მაქვს ეჭვი ბიძინასთან მიმართებაში
პროკურორ ვახტანგ ქირიას მკვლელობაში ბრალდებული, გარდაცვლილი ბიძინა კუჭავას პირველი მეუღლე, ფისო კუჭავა შვილის მკვლელობის საქმეზე დუმილს არღვევს და გაზეთ „პრაიმტაიმთან“ 10 წლის წინ შვილის გარდაცვალების დღეს იხსენებს.
როგორც ფისო კუჭავა ამბობს, მისი შვილის მკვლელობა ნარკოტიკებს ნამდვილად არ უკავშირდება, როგორც ეს გამოცემის წინა ნომერში ბიძინა კუჭავას მეორე მეუღლემ, მარინა ნიკოლოზაშვილმა თქვა.
„საქმე არ არის გახსნილი და ბრალიც არავისთვის წარუდგენიათ. მოტივიც უცნობია, შესაბამისად. ჩემდა სამწუხაროდ, ჩემი შვილი ნამდვილად იყო ნარკოტიკების მომხმარებელი, მაგრამ ამის გამო არ მოუკლავთ. თუ მარი ნიკოლოზაშვილმა გამოძიებაზე უკეთ იცის, მაშინ იქნებ დაგვისაბუთოს და გვითხრას, რა მოხდა. თუკი ამდენი იცის, მაშინ ისიც გვითხრას, ვინ მოკლა. 10 წელი ვერ გავარკვიე, ჩემი შვილი ვინ და რატომ მოკლა და მარინამ თუ უკეთ იცის, გამოვიდეს და გვითხრას“, – განაცხადა ფისო კუჭავამ.
მისივე თქმით, გამოძიება იმ დროს რამდენიმე ვერსიაზე მუშაობდა ერთ-ერთი კი ბიძინას უკავშირდებოდა.
„ვიცოდით, რომ ჩემი შვილი იმ დღეს ბიძინასთან ერთად გავიდა სახლიდან. ეს მე მეორე დლით გავიგე. არ გამოვრიცხავ, რომ მან იცოდა, სად წავიდა რეზო. ისეთი ურთიერთობა ჰქონდათ, წესით, უნდა სცოდნოდა, სად წავიდა და რა შეიძლებოდა მომხდარიყო, რასაც არ მეუბნებოდა. ეს ძალიან დიდი ეჭვი მაშინაც მქონდა და დღესაც მაქვს. მაშინაც ვითხოვდი ბიძინას დაკითხვას, რადგან ვიცოდი, რომ ბოლოს მასთან ერთად გავიდა რეზო. თავს ვიკლავდი, დაჰკითხეთ ბიძინა და მისი ამჟამინდელი მეუღლე, მარინა-მეთქი. მათ შეიძლება ჰქონოდათ რაღაც ინფორმაცია. ჩვენი პირადი ურთიერთობიდან გამომდინარე, ძალიან გულნატკენი და გაბრაზებული ვარ ბიძინაზე, მით უმეტეს, როდესაც მეუბნებიან, რომ ჩემი შვილი მისი მოკლულია. ახლაც მაქვს ეჭვი ბიძინასთან მიმართებაში. თუ ამბობენ, რომ ბიძინა ასეთი სერიული მკვლელი იყო, როგორ შეეძლო, ნახევარი თბილისი ამოეხოცა კაცს და მშვიდად ევლო. თუ ასეა, გამოდის მფარველი ჰყავდა სერიოზული“, – ყვება ფისო კუჭავა.
გარდა ამისა, კუჭავა ამბობს, რომ მისი შვილის ცხედარი შატბერაშვილის ქუჩაზე იპოვეს, თუმცა არ სჯერა, რომ მკვლელობა აღნიშნულ ადგილას მოხდა. კუჭავა ვარაუდობს, რომ ცხედარი იქ მიიტანეს, რადგან გასროლის ხმა არავის გაუგია და არავის არაფერი დაუნახავს.
„ტყვიის ჰილზები ვერ იპოვეს, წვიმდა და კვალიც წაშლილიაო. ცალი ფეხსაცმელი გახდილი ჰქონდა. ამ გახმაურებულ მკვლელობებში რატომღაც სულ ცალი ფეხსაცმელი იკარგება. მოფარებული ადგილი არ ყოფილა. ერთ-ერთი სახლის ჭიშკართან ნახეს გვამი. ამიტომაც გამიჩნდა ეჭვი, რომ იქ არ არის მოკლული“, – განმარტა ფისო კუჭავამ.