მოძრაობის თეატრში „ლაბირინთის“ პრემიერა გაიმართება

4 მარტს, 20:00 საათზე, მოძრაობის თეატრში ერთმოქმედებიანი მისტერია „ლაბირინთის“ პრემიერა გაიმართება. როგორ აღწევენ თავს ლაბირინთის ჩიხს მსახიობები და როდის სრულდება უსასრულობა… სპექტაკლის დეტალებზე „კვირას“ „ლაბირინთის“ რეჟისორს კახა ბაკურაძე ესაუბრა:

– რატომ „ლაბირინთი“?
– ეს არის ერთმოქმედებიანი მისტერია  „ლაბირინთი“. ეს არის ჩვენი ცხოვრება, ჩვენი ცხოვრების გზები, რომლებიც იკვეთებიან, ჩიხში შედიან-გამოდიან… მთელი ქალაქი ამ ლაბირინთში ცხოვრობს. თუ შეიძლება, რომ განვიხილოთ ამ რაკურსში, ჩვენი ქალაქიც არის ერთგვარი ლაბირინთი. ყველა ქალაქი ლაბირინთია და  მათ შორის გადებული ყველა გზა არის ამ ლაბირინთებს შორის გადებული ხიდი. შესასვლელები და გასასვლელები იღება და იკეტება სხვადასხვა წერტილში, გზები და ქუჩები არ არის შესასვლელი და გასასვლელი. შესასვლელია, როცა იბადება ადამიანი და გასასვლელია, როცა გარდაიცვლება. ეს კარები სხვადასხვა დროს სხვადასხვა ადგილზე იღება და იკეტება. აი ამ ჩვენი ცხოვრების ქვაკუთხედიც ამ ორ მომენტზეა დამოკიდებული იმიტომ, რომ არავინ იცის, როდის გაიღო კარი, როცა შემოვედით და არავინ იცის, როდის გაიღება მეორე კარი, როცა გავალთ. მოცემულობიდან გამომდინარე, როგორ ვწვალობთ, როგორი ბედნიერები ვართ და საერთოდ რა გვემართება და საით მივდივართ…12788261_1233714833323789_1329071046_n
– როგორია სპექტაკლის სპეციფიკა …
– იმისდა მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, როგორი შეძლებულები ვართ, ზუსტად ამ დონეზე მაქვს გამოყენებული ყველაფერი. რაც გამაჩნია, იქიდან გამომდინარე, ვაკეთებ. ამიტომ საკითხზე მინიმალისტური მიდგომაა  და თითქმის არაფერი დაგვიხარჯავს, თუ არ ჩავთვლით გზის ფულს, როცა თეატრში მოვდივართ და მერე უკან მივდივართ.
– როგორ ფიქრობთ, მაყურებელი მიიღებს? 
– რომ ვთქვა, რაღაცით გავაკვირვებთ ვინმეს, არ ვიცი. მაგრამ სასიამოვნო საღამოს ნამდვილად ვპირდებით…

ნინო ჯაჯანიძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები