ფილმ „შინდისის“ პროდიუსერი სამთავრობო უწყებებსა და ბიზნესსექტორს პროექტში ჩართულობისკენ მოუწოდებს

ფილმ „შინდისის“ იდეის ავტორი და პროდიუსერი ედმონდ მინაშვილი სამთავრობო უწყებებს და ბიზნესსექტორს პროექტში ჩართულობისკენ მოუწოდებს. „შინდისი“ – ამ სახელწოდების მხატვრული ფილმის გადაღება 2016 წლის ზაფხულში დაიწყება. ფილმის იდეის ავტორი და პროდიუსერი „თავისუფალი სტუდიის“ დამფუძნებელი, რუსთაველის თეატრის მსახიობი ედმონდ მინაშვილია.
ედმონდ მინაშვილი „რეპორტიორთან“ საუბრისას განსაკუთრებულ მადლობას უხდის ენერგეტიკის მინისტრს, ვიცე-პრემიერ კახა კალაძეს და თავდაცვის სამინისტროს.
„განსაკუთრებული მადლობა ბატონ კახა კალაძეს, ამ პროექტში ჩართულობისა და გაწეული დახმარებისთვის. ასევე, მადლობა თავდაცვის სამინისტროს. მინდა სამთავრობო უწყებებს, ბიზნესსექტორს ვთხოვო, მიიღონ მონაწილეობა პროექტის განხორციელებაში. ფილმი, რომელიც დავიწყეთ, მზადდება სხვადასხვა საერთაშორისო კინოფესტივალისთვის. ეს იქნება პროექტი, რომელიც დიდ პოპულარიზაციას გაუწევს ქართულ ჯარს და ქვეყანას. მინდა ვთხოვო ყველას, ჩაერთონ პროექტში. შინდისის გმირები არ უნდა გვახსოვდეს მხოლოდ აგვისტოს ომის თარიღსა და წინასაარჩევნო პერიოდში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, მასშტაბური პროექტი, რომელიც მთელმა მსოფლიომ უნდა გაიგოს! ეს არის ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორია. ფილმი ეხება ჯარისკაცებს და გმირებს, რომლებმაც თითოეული ჩვენგანისთვის თავი გასწირეს. ამ ფილმით მინდა მომავალ თაობებს შემოვუნახოთ ამ ჯარისკაცების გმირობის ამბავი. ეს თითოეული ქართველის ვალია“, – ამბობს ედმონდ მინაშვილი.
ფილმი მოგვითხრობს 2008 წლის აგვისტოს ომში, სოფელ შინდისში დაღუპული 17 ჯარისკაცის ტრაგიკულ ისტორიას. ამ ისტორიაზე ედმონდ მინაშვილს უკვე გადაღებული აქვს ორი დოკუმენტური ფილმი. მხატვრული ფილმის გადაღებები კი ბევრად მასშტაბური იქნება. ფილმში ჩართულები არიან ქართველი და უცხოელი პროდიუსერები და კონსულტანტები.
რეპორტიორისთვის უკვე ცნობილია ფილმის რეჟისორისა და რამდენიმე მსახიობის ვინაობა. რეჟისორი ჰოლივუდში მოღვაწე ნიკოლოზ აგიაშვილია. რაც შეეხებათ მსახიობებს, ფილმში მონაწილეობას მიიღებენ: ქართველი ვარსკვლავი მერაბ ნინიძე, ამერიკაში მოღვაწე მსახიობი დავით ბახტაძე,  ია სუხიტაშვილი, მიშა გომიაშვილი, საფრანგეთში მოღვაწე გიორგი ბაბლუანი.
კომპოზიტორია გია ყანჩელი, სცენარის ვტორი ირაკლი სოლომანაშვილი, დამდგმელი ოპერატორი მინდია-კონსტანტინე ესაძე. პროდიუსერები- ვლადიმერ კაჭარავა, მინდია-კონსტანტინე ესაძე.

იხილეთ დოკუმენტური ფილმი
– „შინდისის გმირები“ – https://www.youtube.com/watch?v=kEbyHCb8hX8

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები