ოკუპირებული აფხაზეთი დნესტრისპირეთთან და ყარაბაღთან უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებებს ამზადებს

ოკუპირებული აფხაზეთი დნესტრისპირეთთან და მთიან კარაბაღთან უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებებს ამზადებს. ამის შესახებ დე ფაქტო მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ კან ტანიამ სააგენტო „ტასს“ განუცხადა. მან დააზუსტა, რომ 2016 წლის 1 აპრილიდან ძალაში შედის კანონი „აფხაზეთში შესვლის და გასვლის წესების შესახებ“. „კანონის“ ამოქმედების შემდეგ ოკუპირებულ აფხაზეთში უვიზოდ მხოლოდ იმ ქვეყნების მოქალაქეები შეძლებენ ჩასვლას, რომლებმაც მისი დამოუკიდებლობა აღიარეს და შესაბამისი შეთანხმება გააფორმეს.
სააგენტოს კითხვაზე პასუხისას, ხომ არ გამოიწვევს ეს ზომები ოკუპირებულ აფხაზეთში ტურისტების რაოდენობის შემცირებას, ტანიამ განაცხადა, რომ აფხაზეთში, ძირითადად, რუსეთის მოქალაქეები ჩადიან, ხოლო დსთ-ს სხვა ქვეყნების ტურისტთა რაოდენობა 7%-ს შედგენს.
მისი ინფორმაციით, უახლოეს მომავალში „ფსოუს“ საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე უცხოელი ტურისტებისთვის ვიზების მისაღებად სპეციალური პუნქტი გაიხსნება. რაც შეეხება შრომით მიგრანტებს, ისინი ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს საიტზე უნდა შევიდნენ, შეავსონ ანკეტა და ელექტრონული ფოსტით ის საკონსულო განყოფილებას გადაუგზავნონ. პასუხს უცხოეთის მოქალაქე ერთი კვირის განმავლობაში მიიღებს. ვიზის გარეშე უცხოელი ოკუპირებულ აფხაზეთში ვერც ჩასვლას, და ვერც იქიდან გასვლას შეძლებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები