უკრაინა: რუსულმა ჯარებმა ფეოდოსიაში ბაზა აიღეს
ფეოდოსიაში რუსული სპეცნაზი უკრაინის სამხედრო-საზღვაო შეიარაღებული ძალების ტერიტორიაზე შეიჭრა, სადაც საზღვაო ქვეითი ბატალიონი იყო განლაგებული. როგორც საზღვაო ქვეითი ბატალიონის ხელმძღვანელობის წარმომადგენელი ,,ინტერფაქს უკრაინის“ კორესპონდენტთან საუბარში აცხადებს, დილის 4 საათისთვის ნაწილთან სპეცრაზმელებით სავსე კიდევ 4 კამაზი მივიდა, ცაში აიჭრა რამდენიმე ვერტმფრენი და ხმოვანი ყუმბარების ჩამოყრა დაიწყო. მისივე თქმით, სპეცრაზმელებმა შეძლეს სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე შეჭრა. ამავე დროს უკრაინის თავდაცვის საამინისტროს მედიაცენტრის ხელმძღვანელი ვლადისლავ სელეზნიოვი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს, რომ 6.17- საათზე ტერიტორიაზე 3 „ურალის“ ტიპის ავტომანქანა გამოვიდა, რომელმაც ხელებშეკრული უკრაინელი ტყვეები გამოიყვანა.
ნატოს გაფრთხილება
ნატოს გაერთიანებული ძალების მთავარსარდალმა ევროპაში, გენერალმა ფილიპ ბრიდლაევმა განაცხადა, რომ ალიანსი განსაკუთრებით შეშფოთებულია საშიშროებით, რომელსაც დნეპრისპირეთისთვის რუსეთის შეიარაღებული ძალები წარმოადგენს. მისი სიტყვებით, რუსეთმა უკრაინის საზღვართან დიდი რაოდენობით მომზადებული სამხედრო კონტინგენტის მობილიზაცია მოახდინა. რუსეთის მტკიცებით კი, იგი არავითარ საერთაშორისო შეთანხმებას არ არღვევს. ,, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იცავს ყველა საერთაშორისო შეთანხმებას სამხედროების რაოდენობაზე, უკრაინის სასაზღვრო რაიონში“,- აცხადებს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანატოლი ანტონოვი. ყირიმის რეფერენდუმის შემდეგ, რომელიც 16 მარტს გაიმართა, რუსეთმა ოფიციალურად მიიერთა უკრაინის ეს ტერიტორია, მანამდე კი პრორუსულმა ძალებმა ნახევარკუნძულზე კონტროლი დააწესეს. კრემლი ამტკიცებს, ასეთი ზომები იმიტომ მიიღეს, რომ ყირიმში მაცხოვრებლები დაეცვათ უკრაინელი ,,ფაშისტებისგან“. კიევი ამგვარ განცხადებებს ტყუილს უწოდებს, რომელსაც ტერიტორიის დასაპყრობად იყენებენ.
დაუგეგმავი ნაბიჯი ევროკავშირთან
რუსეთის მუდმივი წარმომადგენელი ვლადიმერ ჩიჟოვი კვირას „ბი-ბი-სი-სთან“ ინტერვიუში მიესალმა, როგორც თავად აცხადებს, ,, ყირიმის რუსეთთან მიერთებას“, თუმცა უარყოფს ფაქტს, რომ ეს ნაბიჯი ადრევე იყო დაგეგმილი. მისივე სიტყვებით, ამ ნაბიჯმა არანომინალურ სიტუაციას წერტილი დაუსვა, რომელიც 60 წელი გრძელდებოდა. ჩიჟოვის განცხადებით, უკრაინის ჯარებს ყირიმში არჩევანის გაკეთების საშუალება მიეცათ, მოეხდინათ დემობილიზაცია, გადასულიყვნენ რუსულ არმიაში, ან დაეტოვებინათ ტერიტორია. ჩიჟოვი ამერიკას მისი გეგმების შესახებაც აფრთხილებს, რომლის მიხედვითაც, მან უკრაინას დამხმარე ძალები უნდა გადმოუგზავნოს და ამბობს, რომ ეს სერიოზული შეცდომა იქნებოდა“. ევროკავშირში რუსეთის მუდმივი წარმომადგენელი ასევე აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი არ აღიარებს უკრაინის ახალ ხელისუფლებას, იგი თვლის, რომ მან უნდა დაიცვას ეთნიკური რუსების უფლებები უკრაინაში. ვლადიმერ ჩიჟოვმა ასევე დასძინა, რომ რუსეთი არ გეგმავს სამხედრო ძალების უკრაინის ან ევროპის სხვა ნაწილებში გაგზავნას.