„ბიძინა ივანიშვილი უსამართლოდ არავის აკრიტიკებს“

 

   საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, ის, რაც ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში შემოსვლით გააკეთა, სასწაულის ტოლფასია. ამის შესახებ პრემიერმა გაზეთ “კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, რამდენიმე წლის წინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ მაშინდელი ხელისუფლების შეცვლა უსისხლოდ და გართულების გარეშე იქნებოდა შესაძლებელი – ეს კი ბიძინა ივანიშვილმა მოახერხა. პრემიერის განცხადებით, ივანიშვილის სიტყვას მისთვის ყოველთვის განსხვავებული წონა ექნება.

“ის, რაც ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში შემოსვლით გააკეთა, სასწაულის ტოლფასია. მართლაც, ვერავინ წარმოიდგენდა რამდენიმე წლის წინ, რომ მაშინდელი ხელისუფლების შეცვლა უსისხლოდ და გართულების გარეშე შეიძლებოდა. რასაც მანამდე აკეთებდა ბიძინა ივანიშვილი, ასევე უნიკალურია. თავისი კაპიტალის მნიშვნელოვანი ნაწილი თავის ხალხსა და ქვეყანას მოახმარა და დღესაც ამ საქმეს აგრძელებს. მე ბედნიერება მხვდა წილად, მიმეღო მონაწილეობა იმ კეთილ საქმეში, რასაც ბიძინა ივანიშვილი თავისი ხალხისა და ქვეყნისთვის აკეთებდა. რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილის სიტყვას ყოველთვის განსხვავებული წონა ექნება და ამის აღიარება თუ ვინმეს უჭირს, პრობლემები საკუთარ თავში ეძებოს, ესე იგი, არაადეკვატურად აფასებს რეალობას და ამ ადამიანის მნიშვნელობას ქართული სახელმწიფოს განვითარების საქმეში: მეორე – ბიძინა ივანიშვილი ძალიან სამართლიანი ადამიანია“,- განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილი ფიქრობს, რომ ყოფილი პრემიერი უსამართლოდ არავის აკრიტიკებს. მისი თქმით, საქართველოში სხვა ხელისუფლებაც რომ იყოს, ივანიშვილის კრიტიკას ისიც ანგარიშს უნდა უწევდეს.

“შეიძლება ითქვას, ბიძინა ივანიშვილის გვერდით გავიზარდე და გამოვიბრძმედე, მთავარი, რაც ვისწავლე, ის არის, რომ სამართლიანად უნდა მოექცე ადამიანსა და შენს ქვეყანას. ივანიშვილი უსამართლოდ არავის აკრიტიკებს და პირადად მე გულისყურით დავუგდებ ყურს მის მიერ გამოთქმულ მოსაზრებებსა და კრიტიკას. ჩვენ ასეთი მოქალაქეები გვჭირდება და გვყავს კიდეც ასეთი მოქალაქე. საქართველოში სხვა ხელისუფლებაც რომ იყოს, ისიც ანგარიშს უნდა უწევდეს ბიძინა ივანიშვილის კრიტიკას. ცალკე საკითხია ის, თუ როგორ განვითარდებოდა საქართველოში მოვლენები. ამ ადამიანმა შეკრიბა ეს გუნდი, შექმნა კოალიცია. ამ კოალიციიდან გამოვედით ჩვენ – ლიდერები და ამას ადეკვატური შეფასება და დაფასება სჭირდება. ხაზს ვუსვამ, ბიძინა ივანიშვილი არასოდეს არღვევს პრინციპებს. ის ჯერ ცდილობს, შიგნით მოაგვაროს ყველაფერი და ამის რამდენიმეგზის მცდელობა აქვს. ხომ ვერავინ იტყვის, რომ ბიძინა ივანიშვილი ვიღაცას იმიტომ აკრიტიკებს, რომ პოლიტიკური ქულები სჭირდება? ბიძინა ივანიშვილს არაფერი სჭირდება. მოვიდა, საქმე გააკეთა და დაბრუნდა საზოგადოებაში“, – განაცხადა პრემიერმა ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები