შინაგან საქმეთა სამინისტრომ დიღომში ბენზინგასამართ სადგურზე მომხდარი მკვლელობა გახსნა.
შსს აღმაშენებლის ხეივანში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, დიღომში, გუშინ მომხდარი მკვლელობა ძველ ვალს უკავშირდება. სამინისტროს ცნობით, პირი, რომელმაც, დიღომში ბენზინგასამართ სადგურზე ცეცხლსასროლი იარაღით 2 ადამიანს ესროლა, დაკავებულია.
“შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1981 წელს დაბადებული დავით ბ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებული, თანმხლებ პირებთან ერთად, მიმდინარე წლის 16 თებერვალს, თბილისში, აღმაშენებლის ხეივნის მე-9 კილომეტრზე მდებარე ერთ-ერთი კომპანიის ოფისში მივიდა და წარსულში არსებული ვალის გამო მეპატრონეებთან, ძმებთან – ზურაბ ბ-სა და გიორგი ბ-თან ურთიერთშელაპარაკება მოუვიდა. კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც დავით ბ-მ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით გულმკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა 1967 წელს დაბადებულ ზურაბ ბ-ს, ხოლო 1970 წელს დაბადებული გიორგი ბ. ფეხის არეში დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ზურაბ ბ. საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა, ხოლო გიორგი ბ-ს ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია”, – აღნიშნულია განცხადებაში.
შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა დავით ბ. მომხდარიდან რამდენიმე წუთში, დიღმის მასივში დააკავეს. პოლიციამ, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, დანაშაულის ჩადენის იარაღი – “მაკაროვის” სისტემის პისტოლეტი ამოიღო. თანმხლები პირების ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. გამოძიება განზრახ მკვლელობის, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით, 117-ე მუხლით და 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით.