ირაკლი კოდუას ყოფილი თანამშრომელი ნარკოტრანზიტში ამხელს

 ყოფილი ძალოვანი თემურ რევაზიშვილი, რომელიც სოდ-ში განყოფილების უფროსის მოადგილედ მუშაობდა, ბოლო რამდენიმე წელია, კოდუას დასჯას ითხოვს. ყოფილი თანამდებობის პირი გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ საუბრისას დეტალურად იხსენებს, თუ რა დაპირისპირება იყოს მასსა და ირაკლი კოდუას შორის.
„სოდ-ში კოდუასთან დაპირისპირების მიზეზი ის იყო, რომ ნარკოტიკის ტრანზიტისა და რეალიზატორების მფარველობა მთხოვა. მაშინ სოდ-ი ახალი შექმნილი იყო და როცა ნახა, რა რაოდენობის ნარკოტიკი ბრუნავდა ქვეყანაში, მადა გაეხსნა. ტრანზიტს თვითონ განაგებდა, “წამალი” სოდ-ს უნდა გაეცილებინა. სასიკვდილოდ გამიმეტეს. სოდ-ში პირტიტველა, გამოუცდელი ბიჭები მოიყვანეს და მათ იყენებდნენ ამ ბინძურ საქმეში. მუშაობის დაწყებიდან 3 თვეში დავწერე სამსახურიდან წამოსვლაზე პატაკი. კოდუამ თანამშრომლები გამომიგზავნა, დაბრუნდი და ამ საქმეზე აღარ ვილაპარაკებთო. ერთი კვირის მერე მივედი სამსახურში, მაგრამ ორ კვირაში ისევ ვიჩხუბე და წამოვედი. ჩემს მეგობრებად რომ ვთვლიდი ადამიანებს, სწორედ მათ გამიტაცეს“,- ამბობს თემურ რევაზიშვილი.
ყოფილი ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომელი დეტალურად იხსენებს საკუთარი გატაცების ფაქტს:
„შინ მომაკითხა პოლიციელმა, რომელთანაც ვმეგობრობდი და წამიყვანა, გზად სხვებიც ჩასხდნენ. მითხრეს, სასაუბროდ მივდივართ წყნეთის პოლიციაშიო, მაგრამ გზას გადაუხვიეს წყნეთის ტყეში და იქიდან დაურეკეს კოდუას, შეფ, ადგილზე ვართო. მალე მოვიდა თავის მოადგილესთან კახა მისირელთან ერთად. ეს ის კახა მისირელია, რომელიც ფეხბურთელ დემეტრაძის საქმეში ფიგურირებდა. სასტიკად მცემეს, კოდუაც მირტყამდა და სხვებიც. ხელთ მაქვს ექსპერტიზის დასკვნა, სადაც აღწერილია დაზიანებები. სასიკვდილოდ გამწირეს და მიმაგდეს. წლების მერე ყოფილმა მეგობარმა კახა მირუაშვილმა მითხრა, ვნანობ, შენს ცემაში რომ ვმონაწილეობდი, მაგრამ ასე რომ არ მექნა, მეც შენს დღეში ჩავვარდებოდიო. ვამბობდი, გარეწრები არიან-მეთქი და ეს მიუტანეს კოდუას. მას უამრავი ადამიანი ჰყავს გაწირული. უმეტესად იმ ხალხს ითრევდნენ, ვისაც მანქანები ჩამოჰყავდა საზღვარგარეთიდან. რაღაცაში გამოიჭერდნენ და მერე “სუბოტექსის” ჩამოტანას ავალებდნენ. თუ გზას გადაუხვევდა, განწირული იყო. ყველაფერს კოდუა ხელმძღვანელობდა. 2005-2006 წლებში იშოვეს განსაკუთრებით დიდი ფული. აფხაზეთიდან ძირითადად ჰეროინი შემოდიოდა. თურქეთშიც გაუტანიათ წამალი აფხაზეთიდან, ზოგჯერ თვითმფრინავითაც. ძირითადად, “სუბოტექსი”, “მეტადონი” და ჰეროინი ტრიალებდა. ერთხელ ქაბულიდანაც შემოიტანეს. ტრანზიტი ერთ კაცს, მისირელს ებარა და ის აცილებდა. მერე მისირელმა თავისი “არხები” ააწყო და აღარ დაინდეს, მაგრამ ციხეში მაინც არ გაუშვეს, რადგან ბევრი რამ იცოდა“…- ამბობს თემურ რევაზიშვილი.
მისი თქმით, მისი გატაცების ფაქტზე საქმე 2005 წელს აღიძრა. თუმცა, არავინ დასჯილა.
„საქმე 2005 წელს აღიძრა, მაგრამ არავინ დასჯილა. მე უკრაინაში წავედი და კარგა ხანს იქ ვცხოვრობდი. რომ დავბრუნდი, მაშინვე დამიჭირეს, იარაღი და წამალი ჩამიდეს. მემუქრებოდნენ, ცოლს, ძმასა და მამას გვერდით მოგისვამთო. ვიცოდი, რა ხალხთან მქონდა საქმე და იძულებული გავხდი, “მეღიარებინა ბრალი”. ადვოკატი ბოკუჩავა გამომიგზავნეს, რომელიც დახმარების ნაცვლად მეუბნებოდა, ხომ იცი, რასაც გაგიკეთებენო… 5 წელი ციხეში გავატარე. რამდენი ხანია კოდუას დასჯას ვითხოვ, არანაირი საგამოძიებო მოქმედება არ ჩატარებულა. მოიკითხონ ყოფილი ძალოვნის, გია თელიას საქმე, ის ნათესავის სახლში ჩაცხრილეს სპეცრაზმელებმა და ამას სპეცოპერაცია დაარქვეს. არადა, პირადი დაპირისპირება ჰქონდა კოდუასთან, სწორედ მან ესროლა საკონტროლო ტყვია. თელიას საქმეში მაშინ სააკაშვილის ბაბუა გივი ალასანია ჩაერია (ეს იყო 2006 წელი). ამბობდა, მე მოგარიგებთო. გია გარდაცვლილი იყო და თელიას ოჯახი ჩიოდა. რატომ არ ინტერესდებიან დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმითო? გელაშვილს სოდ-ის სამმა თანამშრომელმა სცემა, მათ კოდუა ხელმძღვანელობდა. უამრავი სამხილი არსებობს კოდუას წინააღმდეგ. რა, კაზინოს ბიზნესებიდან გივი თარგამაძეს არ მისდიოდა წილი? კოდუა უყოფდა წილს თარგამაძეს. ამ საქმეში მომგვარებელი გივი თარგამაძე იყო. შეგზავნიდნენ ვიღაცას წამლით, ვითომ კაზინოში იყიდებოდა და შარში ეხვეოდნენ მეპატრონეები“,- ამბობს ყოფილი ძალოვანი „კვირის პალიტრასთან“ საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები