ჟვანიას მკვლელობის მოტივად თემურ ალასანიასთან დაპირისპირება განიხილება

  ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას მკვლელობის მოტივად გამოძიება, მიხეილ სააკაშვილის ბიძასთან, თემურ ალასანიასთან დაპირისპირებას განიხილავს. ამის შესახებ ინფორმაციას გაზეთი “პრაიმტაიმი” ექსკლუზიურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ამის საფუძველს, კონფიდენციალური წყაროს მიერ მოწოდებულ ინფორმაციასთან ერთად, რამდენიმე დეტალის გაანალიზება იძლევა. 3 თვის წინ გამოძიებამ დაჰკითხა ირაკლი კაკაბაძე, რომელიც ჟვანიას გარდაცვალების დღიდან სწორედ ამ ორი ადამიანის კონფლიქტის შესახებ დაჟინებით აცხადებდა. სწორედ მაშინ, ინგა გრიგოლიასთან პირდაპირ ეთერში გოგლა ჟვანიამაც დაასახელა თემურ ალასანია.
როგორც „პრაიმტაიმი“ წერს, პროკურატურა მკვლელობის საქმეში კუდ-ის თანამშრომლების მონაწილეობის, კონკრეტულად კი იმ ადამიანების დადასტურებაზეც მუშაობს, ვინც გირგვლიანის საქმეში ფიგურირებენ. მათივე ინფორმაციით, ამ ნაწილში ცნობილი ყოფილი პატიმარი გია ალავიძეც დაიკითხა.
“ეს ის ადამიანია, რომელმაც კოლონიაში გირგვლიანის მკვლელების კომფორტული ცხოვრების შესახებ კადრები გაასაჯაროა. გია ალავიძე გვიდასტურებს ამ ინფორმაციას, თუმცა დაკითხვის დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს. დაკითხულია ჟვანიას ცხედრის გამკვეთი სანიტარიც, რომელმაც გამოძიებას დეტალურად მიაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რა ნახა სასექციოში, მიუხედავად იმისა, რომ ის ერთხანს დაჭერილიც იყო, ალბათ, იმის გამო, რომ სამუდამოდ დაევიწყებინა ნანახის შესახებ. ამ ნაწილში ერთი მეტად უცნაური ამბავიც შევიტყვეთ. როგორც სანიტრის ნაამბობიდან ირკვევა, სასექციოში გაკვეთას გია ბარამიძეც ესწრებოდა. ამის შესახებ ინფორმაცია აქამდე არ გაჟღერებულა. “პრაიმტაიმი” შეეცადა, ეს ინფორმაცია თავად ბარამიძესთან გადაემოწმებინა, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა. მან ჩვენს სატელეფონო ზარს არ უპასუხა. არის კიდევ ერთი საინტერესო დეტალი: როდესაც საზოგადოებამ გარდაცვლილების ფოტოები ნახა, რაულ უსუპოვის სხეულზე მკერდის არეში ორი სიმეტრიული ნაჩხვლეტი აღმოაჩინა”, – წერს გამოცემა.
გაზეთი სანდო წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ რაულ უსუპოვის სხეულზე გამოყენებული უნდა ყოფილიყო მაპარალიზებელი ნემსები. ის გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე გამოიძახეს კუდ-ში. სატელეფონო ზარი კი განხორციელდა ზურაბ ნოღაიდელზე გაფორმებული სატელეფონო ნომრიდან.
“ამით სულაც არ ვამტკიცებთ იმას, რომ შესაძლოა, ნოღაიდელს ამ საქმესთან რამე კავშირი ჰქონდეს, ვინაიდან ასეთ ნომრებს სპეცსამსახურები ხშირად იყენებენ მსგავსი ოპერაციისთვის. მოდულის შენობაში უსუპოვი საღ-სალამათი შევიდა. ის მაშინაც ცოცხალი იყო, როდესაც ჟვანია გარდაიცვალა. ჩვენი კონფიდენციალური წყაროს ცნობით, საქმეში მესამე ნანემსარიც ფიგურირებს ზურგის არეში, რაზეც ვარაუდობენ, რომ სწორედ იქ გაკეთებული ინექციით დადგა სიკვდილი”, -წერს გაზეთი “პრაიმტაიმი”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები