რატომ გაეზარდა ზოგიერთ აბონენტს გაზის ხარჯი, მაშინ, როდესაც იმავე რაოდენობის ბუნებრივ აირს მოიხმარს

„რატომ გაეზარდა ზოგიერთ აბონენტს გაზის ხარჯი, მაშინ, როდესაც იმავე რაოდენობის ბუნებრივ აირს მოიხმარს“, – ამ სათაურით გაზეთი “კვირის პალიტრა“ სტატიას აქვეყნებს.
როგორც გამოცემა მომხმარებლებზე დაყრდნობით წერს, იმავე მოხმარების პირობებში აბონენტებს ბუნებრივი აირის გადასახადი გაეზარდათ.
“ბოლო დროს რამდენიმე მომხმარებელმა შემოგვჩივლა, რომ იმავე მოხმარების პირობებში ბუნებრივი აირის გადასახადი გაეზარდათ. ჩვენი რესპონდენტების ნაწილმა გათბობების სისტემებიც შეამოწმებინა, თუმცა ისინი გამართულად მუშაობდნენ, შესაბამისად, გაჩნდა ვერსიები, რომ ბუნებრივ აირში ჰაერს ან სხვა გაზს ურევენ, რომ დაბალი წნევაა ან მრიცხველები არ მუშაობს გამართულად. სპეციალისტები კი რამდენიმე არსებით გარემოებაზე საუბრობენ.
„ყაზტრანსგაზ თბილისის“ დირექტორის ყოფილი მოადგილე სოსო მიმინოშვილი აცხადებს,რომ ბუნებრივი აირისთვის ჰაერის ან სხვა გაზის შერევა ფაქტობრივად შეუძლებელია. მისი თქმით, ეს შესაძლოა, მილებში აფეთქების მიზეზი გახდეს.
„ტექნიკურადაც ძნელია, რადგან ამისთვის საკომპრესორო სადგურები უნდა აშენდეს. გაზის წნევას რაც შეეხება, თბილისში გაზის მეურნეობის მშენებლობა გასული საუკუნის 60-იან წლებში დასრულდა და ამის შემდეგ ცენტრალური მაგისტრალები აღარ გაფართოებულა. ეს ქსელი კი ქალაქს ვეღარ აუდის, განსაკუთრებით, ზამთარში როცა გაზის მოხმარება იზრდება და წნევა ეცემა. ასეთი ძველი ქსელით სარგებლობა საშიშიც არის. სპეციალისტებმა იციან, რომ თუ სხვადასხვა საშუალებით წნევის გაზრდას გაცვეთილი ქსელი ვერ გაუძლებს, რასაც შესაძლოა, უმძიმესი ავარიები მოჰყვეს, დაბალი წნევის გამო ხარჯის მომატება უფრო სუბიექტური შეფასება მგონია. მიზეზი ბუნებრივი აირის კალორიულობაში უნდა ვეძებოთ, რამაც ყველაზე მეტად შეიძლება განაპირობოს ხარჯის გაზრდა“,-აცხადებს სოსო სიმონიშვილი.
“ყაზტრანსგაზის“ ბუნებრივი გაზის ფიზიკურ-ქიმიური ლაბორატორიის ყოფილი ხელმძღვანელი ლალი კაკაშვილი აცხადებს,რომ ლაბორატორიის გაუქმება სახელმწიფო დანაშაული იყო.
“2009 წლიდან, რაც ლაბორატორია დაგვიხურეს, ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს ვასწავლი. გაზის თბოუნარიანობა რამდენჯერმე გავზომეთ უნივერსიტეტის ლაბორატორიაში და ის ნამდვილად შეესაბამებოდა სტანდარტებს, თუმცა ეს, რა თქმა უნდა, საერთო სურათს ვერ მოგვცემს. როცა ლაბორატორია მოქმედებდა, კერძო კომპანიებიც გვიკვეთავდნენ კვლევას, თბოუნარიანობის მიხედვით ხარჯს ითვლიდნენ და ამას პროდუქციის ფასწარმოქმნაში ითვალისწინებდნენ. გაზის თბოუნარიანობის მაჩვენებლების განსაზღვრა მაშინაც არის საჭირო, როცა გათბობის სისტემის დასამონტაჟებლად საპროექტო გათვლა კეთდება, რადგან ხარჯი გაზის კალორიულობაზეა დამოკიდებული.
სამწუხაროდ, ალტერნატიული წყაროს არქონის გამო იძულებულნი ვართ, გაზის ტრანსპორტირების კომპანიის მაჩვენებლებს ვენდოთ. ერთი მნიშვნელოვანი გარემოებაცაა: ლაბორატორიაში ბუნებრივი აირის ოდორიზაციის მაჩვენებელს, ანუ სუნის ინტენსივობასაც ვამოწმებდით. სწორედ ოდორანტის, მძაფრი სუნის მქონე ტოქსიკური ნივთირების დამატება აძლევს გაზს იმ სუნს, რომელიც ხალხში “გაზის სუნით “ არის ცნობილი. ეს ნივთიერებაც აირში გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ უნდა შეურიოს და აკეთებს თუ არა ამას, შეგვიძლია მხოლოდ ვივარაუდოთ გაზის სუნის მიხედვით, რომელიც ბოლო დროს არ იგრძნობა. სახელმწიფო დანაშაული იყო ლაბორატორიის გაუქმება, რადგან ფაქტობრივად ეს იგივეა, ბომბი გაუგზავნო ადამიანს შინ“, – აცხადებს ლალი კაკაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები