ფოტოგრაფიის ქართული სააგენტოს – KONTAKTPHOTOS-ის პრეზენტაცია გაიმართება
ხვალ, 19.00 საათზე, ფოტოხელოვანები დოკუმენტური ფოტოგრაფიის ქართული სააგენტოს, KONTAKTPHOTOS-სა და ვებგვერდ kontaktphotos.com-ის პრეზენტაცია -ფოტოგამოფენას აწყობენ.
ღონისძიება ფოტოგალერეა Black & White Gallery-ში (იაკობ გოგებაშვილის 46 ბ) გაიმართება და მასში მონაწილეობას ფოტოხელოვანები: ნათელა გრიგალაშვილი, ანდრო ერაძე, ვახო ხეთაგური, გიორგი შენგელია, ბესო უზნაძე მიიღებენ.
KONTAKTPHOTOS – არის დოკუმენტური ფოტოგრაფიის ქართული სააგენტო, რომელიც დაარსდა 2015 წელს. ფოტოსააგენტოს ვებგვერდი შეიქმნა ფონდ “ღია საზოგადოება-საქართველოს ” მხარდაჭერით. სააგენტოს დამფუძნებელი და ხელმძღვანელია ფოტოხელოვანი ნათელა გრიგალაშვილი.
როგორც „კვირას“ ნათელა გრიგალაშვილმა განუცხადა, სააგენტოს მიზანია, იყოს ხელშემწყობი პლატფორმა ფოტოგრაფებისთვის საქმიანობის ყველა ეტაპზე, ხანგრძლივ პროექტებსა და მულტიმედიაზე მუშაობისას
. სააგენტო მხარს უჭერს ჯგუფურ და ინდივიდუალურ ფოტოპროექტებს, რომელთაც აქვთ დოკუმენტური და ჰუმანური ხედვა, რომლებშიც აისახება დღევანდელი ყოფა, თანამედროვე სამყარო და ადამიანი ამ სამყაროში, სოციალური გარემო და ცხოვრების სხვადასხვა ასპექტი – პოლიტიკა, საზოგადოება, ეკოლოგია, ადამიანის უფლებები. აგრეთვე სააგენტოს მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში ფოტოგრაფიის განვითარებას, ჩაატაროს სემინარები, ვორკშოფები და შეხვედრები.