გიგლა აგულაშვილი თოფაძის ბრალდებებზე: ბატონი გოგი არ ადასტურებს ამ ინფორმაციას

„მე, პირადად, ვესაუბრე ბატონ გოგის და იგი არ ადასტურებს ამ ინფორმაციას“,- ამის შესახებ, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, გარემოს დაცვის მინისტრმა, გიგლა აგულაშვილმა თავდაცვის მინისტრის, თინათინ ხიდაშელის წინააღმდეგ საგარეჯოში შუალედური არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით გოგი თოფაძის მიერ გამოთქმულ ბრალდებებზე კომენტარებისას განაცხადა.
აგულაშვილის მტკიცებით, თოფაძე ამბობს, რომ ჟურნალისტისთვის მას მსგავსი არაფერი უთქვამს.
„მე პირადად ვესაუბრე ბატონ გოგის და იგი არ ადასტურებს ამ ინფორმაციას. იგი ამბობს, რომ ჟურნალისთვის მსგავსი არაფერი უთქვამს. თუ თქვენც მიმართავთ მას, ის საჯაროდაც დაადასტურებს ამ ფაქტს, ყოველ შემთხვევაში იმას, რაც მან მე მითხრა“,- განაცხადა ჟურნალისტების მისამართით მინისტრმა.
აღსანიშნავია, რომ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გოგი თოფაძემ აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან საუბარი არ ისურვა და მათ არცერთ კითხვას არ უპასუხა.
„ტყუილად წვალობთ, გითხარით, ნახეთ ჩანაწერი. თქვენ ვერ მიიღებთ პასუხს, სანამ არ ნახავთ ჩანაწერს“,- უპასუხა თოფაძემ ჟურნალისტებს.
გაზეთის რედაქცია კი ჟურნალისტის მიერ მომზადებულ მასალაზე სრულ პასუხმგებლობას იღებს და ინტერვიუს სრული ვერსიის გასაჯაროვებას აპირებს.
შეგახსენებთ, რომ საგაზეთო ინტერვიუში გოგი თოფაძემ თინა ხიდაშელს საგარეჯოში შუალედური არჩევნების გაყალბებაში დასდო ბრალი.
„წესით და რიგით ხიდაშელმა მინისტრის კაბინეტში კი არა, დაკითხვებზე უნდა იაროს, რადგან შარშან, ოქტომბერში, საგარეჯოს რაიონში შუალედური არჩევნები გააყალბა და ამ საქმისთვის თავდაცვის სამინისტროს რესურსი გამოიყენა. ესეც არ იკმარა და ბიულეტენების დათვლაში მიიღო მონაწილეობა, ხოლო ამ უმსაგვსობის ამსახველი ფოტო სოციალურ ქსელშიც განათავსა“,- განაცხადა გოგი თოფაძემ გაზეთ „საქართველო და მსოფლიოსთან“ ინტერვიუში.
აღსანიშნავია, რომ თოფაძის ეს ბრალდება მინისტრის მისამართით, ხიდაშელის იმ კომენტარს მოჰყვა, რომლის მიხედვითაც მან თოფაძის პარლამენტში ყოფნა გაიკვირვა. „რა, თოფაძე დღემდე პარლამენტშია?“,- იკითხა ხიდაშელმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები