თამარ სანიკიძემ შესაძლოა, ცილისწამებისთვის სასამართლოში იჩივლოს

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, თამარ სანიკიძე არ გამორიცხავს, პეტიციის – “განგაშის ზარების” ავტორებს ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივლოს.
მისი თქმით, პეტიციის შინაარსი მთლიანად ცილისწამებას წარმოადგენს.
“ეს იყო ხუმრობა, მეგონა, გაიგებდით, ისეთი ტექსტი ეწერა, ეს რომ სიმართლე ყოფილიყო, ალბათ, მეც მოვაწერდი ხელს-მეთქი. მაგრამ უნდა გავიხედოთ უფრო შორს – რა და ვინ დგას ამის უკან და რატომ აკეთებენ ამას. ის, რაც წავიკითხე პეტიციაში, არ იყო ჯანმრთელი ადამიანის დაწერილი – თავიდან ბოლომდე ტყუილი, ცილისწამება, ხოლო რა დგას ამ განზრახვის უკან, დაე, ვკითხოთ იმ ადამიანებს”, – განაცხადა სანიკიძემ და დასძინა, რომ ტყუილის საფუძველზე მოაწერინეს ხელი ადამიანებს, რომელთაც წარმოდგენა არ აქვთ, რაზე მოაწერეს ხელი.
მისივე თქმით, მიუღებელი უნდა იყოს საზოგადოებისთვის ცილისწამება, ტყუილი, მით უმეტეს, როდესაც ეს კეთდება რელიგიის სახელით.
“მე ამ თემას აუცილებლად გავშლი და, როგორც კი მე ამას დავასაბუთებ, რაც ძალიან მარტივია, ვინაიდან არსებობს საგნის სტანდარტი, რომლის წაკითხვა შეუძლია ყველას, ვინც წერა-კითხვა იცის. თუ საჭირო გახდა, სასამართლოსაც მივმართავ იმ ცილისწამებისთვის, რომელიც ჩვენ ვისმინეთ და რომელიც ასმენინეს სრულიად საზოგადოებას”, – განაცხადა სანიკიძემ.
პეტიციაში აღნიშნულია, რომ “განათლების სამინისტრო ევროკავშირის დავალებით სექტემბრიდან ჩვენს შვილებზე მასირებული შეტევის განხორციელებას აპირებს.
“ახალი სავალდებულო საგნების – “მე და საზოგადოება” და “ჩემი საქართველოა” მიზანი იქნება, დაწყებით კლასებში, 7-13 წლამდე ბავშვების, ერთი მხრივ, ბილწი და უსაშინელესი ცნობიერებით მოწამვლა, გარყვნა და, მეორე მხრივ, მათი სარწმუნოებრივ-ეროვნული ცნობიერების გადაგვარება და აღრევა“,- აღნიშნულია პეტიციის ერთ ნაწილში.
პეტიციას – “განგაშის ზარები” ხელს აწერენ საზოგადოების ცნობილი წევრები და ითხოვენ, სკოლებში ახალი საგნები – “მე და საზოგადოება” და “ჩემი საქართველოა” არ შეიტანონ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები