ახალი ტურისტული სივრცე და 30 ჰექტრამდე გაზრდილი რეკრეაციული ზონა – რას გულისხმობს მარჯანიშვილის მოედნის რეაბილიტაციის პროექტი

მარჯანიშვილის მოედნის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში თბილისს კიდევ ერთი ტურისტული ზონა შეემატება, კერძოდ, ზაარბრიუკენის მოედნამდე 320 მეტრის ფართობი მთლიანად ჩაიკეტება, ამ ადგილას ვერ იმოძრავებენ მანქანები. ამ მონაკვეთში ღია კაფეები და სხვადასხვა ტურისტული ობიექტი განთავსდება,- ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ურბანული კომისიის თავმჯდომარემ, გოჩა ბაბუნაშვილმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში ისაუბრა.
მარჯანიშვილის მოედნის რეაბილიტაციის ფარგლებში მოქცეულია დაახლოებით 9 ჰექტარის ტერიტორიის ბაღები და პარკები, რაბილიტაციის დასრულების შემდგომ რეკრეაციული ზონების მასშტაბები 9 ჰექტრიდან 30 ჰექტრამდე იზრდება.
გრანდიოზული პროექტი სამ ეტაპად არის დაყოფილი, მისი პირველი ეტაპი წლის ბოლომდე დასრულდება.

„ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი პროექტია, რომელსაც წელს ხელისუფლება ახორციელებს. პირველი ეტაპი 21 მილიონი დაჯდება და ამ პირველი ეტაპის ფარგლებში, რეაბილიტაცია დასაწყისისთვის მარჯანიშვილის მოედნიდან ზაარბრიუკენის მოედნამდე დაიწყება.
ზაარბიუკენის მონაკვეთამდე 320 მეტრის ფართობი აბსოლუტურად ჩაიკეტება, ამ ადგილას ვერ იმოძრავებენ მანქანები. შარდენის მსგავსად, ღია კაფეებით და ტურისტული სივრცით დატვირთული იქნება. რეაბილიტაციის პირველი ეტაპი წლის ბოლომდე დასრულდება და შემდეგ გადავალთ მტკვირს მარჯვენა სანაპიროზე. მშრალ ხიდთან „დედაენის“ და „9 აპრილის“ ბაღებია, რომლებიც თავიდან ბოლომდე კეთილმოეწყობა. მათ შორის გვირაბი გაივლის და იქ მოთავსდებიან ის ადამიანები, ვინც გარეთ ვაჭრობენ. იქნება სანიტარული კვანძები. ამ ტერიტორიაზე პარკების სახით რეკრეაციული ზონა დაახლოებით 9 ჰექტარს შეადგენს, რეაბილიტაციის შემდეგ კი ის 30 ჰექტრამდე გაიზრდება. პროექტის ფარგლებშია მოქცეული 45 სახლი, რომელიც თავიდან ბოლომდე კაპიტალურად შეკეთდება. გამოიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები, გარე განათება. დაიგება ასფალტის ახალი საფარი. პირველის შემდგომ დაიწყება მეორე და მესამე ეტაპი და საბოლოოდ ეს პროგრამა მთლიანად 3 წელიწადში დასრულდება“,- განაცხადა გოჩა ბაბუნაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები