ნანა კაკაბაძე განცხადებას ავრცელებს

უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე ტელეკომპანია „მაესტროს“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს.
„კვირა“ ნანა კაკაბაძის მიერ გავრცელებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„ტელეკომპანია „მაესტრო“ საქართველოს დემოკრატიული ძალების გვერდით წლების მანძილზე იბრძოდა სააკაშვილის რეჟიმის მიერ ქვეყანაში დამყარებული ტერორის, შიშისა და ადამიანის უფლებათა ტოტალური დარღვევების წინააღმდეგ. ხშირად იგი ამ ბრძოლის ავანგარდშიც გვევლინებოდა. ამიტომ მით უფრო სამწუხარო და შემაშფოთებელია ამ ტელეკომპანიის გარშემო მიმდინარე დავა მეწილეებს შორის. ეს დავა არ შემოიფარგლება მხოლოდ კომერციული და სამართლებრივი ჩარჩოებით და ამ ყველაფრის უკან აშკარად იკვეთება პოლიტიკური ინტერესები, რასაც ადასტურებს 2015 წელს ამ ტელეკომპანიაში განვითარებულ მოვლენები, როდესაც სრულიად მოულოდნელად იგი მრავალმა ცნობილმა და რეიტინგულმა ჟურნალისტმა დატოვა. მეწილეები ერთმანეთს პირდაპირ თუ ირიბად სწორედ პოლიტიკურ ძალებთან გარიგებაში ადანაშაულებენ – გოგელია-ასათიანის წყვილი ძმები გაჩეჩილაძეების უკან დღევანდელი ხელისუფლების ინტერესებს ხედავს, ხოლო ეს უკანასკნელნი თავიანთი ოპონენტების უკან ყოფილი ხელისუფლების ინტერესებს მოიაზრებენ. კერძოდ, არსებობს ვარაუდი, რომ „მაესტროს“ გაკოტრე-ბის შედეგად მთელი წილის ხელში ჩაგდების შემდეგ გოგელია აპირებს სარფიანად მიჰყიდოს ტელეკომპანია იმ ჯგუფის წარმომადგენლებს, რომელთა უკან კეზერაშვილის ბიზნეს და პოლიტიკური ინტერესები იმალება. საზოგადოებისთვის ძალიან სამწუხარო და სრულიად მიუღებელი იქნება, თუ გუშინდელ პარტნიორებს შორის დავა არა სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური ინტერესების გათვალისწინებით გადაწყდება, თუმცა მიგვაჩნია, რომ სრულიად სამარცხვინო და დასაგმობი იქნება იმ ისტორიის გამეორება, რაც წლების წინ მოხდა ტელეკომპანია „იმედთან“ დაკავშირებით, როდესაც რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლი ეს ტელეკომპანია გარკვეულ პერიოდში ამ რეჟიმის მსახურად იყო გადაქცეული. ამიტომ სავსებით უნდა გამოირიცხოს იმის თეორიული დაშვებაც კი, რომ რაიმე გზებით ტელეკომპანია „მაესტრო“ „ნაციონალური მოძრაობის“ კონტროლის ქვეშ გადავიდეს. რაც შეეხება ძმებ გაჩეჩილაძეებს, მათი პოზიცია ტელეკომპანიის გაკოტრებისაგან გადარჩენასა და მისი რეიტინგის ამაღლებასთან დაკავშირებით უფრო მიმზიდველი და რეალისტური ჩანს, მით უმეტეს, რომ თავიანთი საქმიანობით ისინი მუდამ იდგნენ დემოკრატიული ძალების გვერდით და არ ყოფილან შემჩნეულნი რომელიმე რეჟიმის შემქმნელთა გვერდით დგომაში. თუმცა, მიგვაჩნია, რომ „მაესტროს“ გარშემო არსებული დავის გადაწყვეტისას მთავარი განმსაზღვრელი უნდა იყოს მხოლოდ სამართლებრივი საფუძვლები და ტელეკომპანიის დამოუკიდებლობა“, – აცხადებს ნანა კაკაბაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები