მიხეილ კასიანოვს თავდამსხმელებმა ტორტი ესროლეს (ვიდეო)

ინტერნეტში ვიდეო გავრცელდა, რომელზეც რუს ოპოზიციონერსა და პარტია „პარნასის“ ლიდერზე, მიხეილ კასიანოვზე თავდასხმის მომენტია ასახული.
კასიანოვს მოსკოვის ერთ-ერთ რესტორანში სახეში ტორტი ესროლეს. კადრებიდან ჩანს, რომ პოლიტიკოსს ორი მამაკაცი უახლოვდება. ერთ-ერთი მას ტორტს ესვრის და რაღაცას ეუბნება.
რესტორანში მყოფ პირთა თქმით, ადამიანები, რომლებიც კასიანოვს თავს დაესხნენ, რესტორანში იმ საკონდიტრო დარბაზიდან შევიდნენ, სადაც ეს ტორტი შეიძინეს.
კასიანოვის მიერ პოლიციაში განცხადების შეტანის შემდეგ სამართალდამცველებმა სამი პირი დააკავეს. თუმცა რუსმა ოპოზიციონერმა მათში თავდამსხმელები ვერ ამოიცნო.
კასიანოვზე თავდასხმას ჩეჩნეთის პრეზიდენტი, რამზან კადიროვიც გამოეხმაურა. მათ შორის ბოლო დროს ურთიერთობა მნიშვნელოვნად დაიძაბა. „ისევ მე?“ – დაწერა კადიროვმა ინსტაგრამში.
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა კი აღნიშნა, რომ კადიროვს ამ ფაქტთან არანაირი კავშირი არა აქვს. „მსგავსი ხულიგნური საქციელი, ბუნებრივია, დასაგმობია“, – განაცხადა პესკოვმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები