პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის 3 კანდიდატი შეარჩია

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის შერჩევის მორიგი ეტაპი დღეს დასრულდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ექსპერტების და არასამთავრობო ორგანიზაციების წევრების შეფასების შედეგად წარმოდგენილი 6 კანდიდატიდან სამმა ყველაზე მაღალი შეფასება დაიმსახურა. ესენი არიან: კობა გვენეტაძე, მაია მელიქიძე და გიორგი ბაქრაძე.
კანდიდატები წინასწარ შეთანხმებული კრიტერიუმების მიხედვით შეირჩა. ეს კრიტერიუმებია – პროფესიული განათლება, პროფესიული კვალიფიკაცია და პოლიტიკური მიუკერძოებლობა.
შერჩევის პროცედურა ექსპერტებთან კონსულტაციებს და ქულების ელექტრონულად მინიჭების პროცესს ითვალისწინებდა. ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის აღნიშნულ კანდიდატებს და ექსპერტთა მოსაზრებებს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი საქართველოს პრეზიდენტს, საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად, დღეს წარუდგენს.
გიორგი აბაშიშვილმა შერჩეული კანდიდატების შესახებ ინფორმაცია შეფასების პროცესში ჩართულ ექსპერტებს წერილობით უკვე მიაწოდა და პროცესში მონაწილეობისათვის მადლობა გადაუხადა. ცნობისთვის, კანდიდატის შერჩევის პროცესი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში რამდენიმე თვეა მიმდინარეობს და მასში მონაწილეობენ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ექსპერტების წარმომადგენლები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები