მაკა ასათიანი: ძალიან მინდა მჯეროდეს, ლევან და გია გაჩეჩილაძეები სიტუაციის მსხვერპლნი არიან
ძალიან მინდა მჯეროდეს, რომ ლევან და გია გაჩეჩილაძეები სიტუაციის მსხვერპლნი არიან, – ამის შესახებ ტელეკომპანია “მაესტროს” მფლობელმა მაკა ასათიანმა ჟურნალისტებს ტელეკომპანიაში მისვლისას განუცხადა.
ამასთან, მაკა ასათიანმა დაადასტურა ინფორმაცია, რომ “მაესტროს” დათმობის მიზნით შეთავაზებები არსებობდა.
“ყოველთვის მინდა დავიჯერო და მჯერა, რომ ადამიანები სიტუაციის მსხვერნი არიან. დიდი შანსია, რომ ისინიც მსხვერპლნი იყვნენ. ძალიან მინდა მჯეროდეს, რომ ასეა. რაც ტელეკომპანიას ვფლობ, მუდმივად ხდება შეთავაზება გასხვისებაზე. თუმცა, ჩვენი მთავარი ამოცანა ყოველთვის იყო, დავრწმუნებულიყავით იმ ადამიანის წარმომავლობაში, ვისგანაც ეს შეთავაზება მოდიოდა, რადგან “მაესტრო” თავისუფალი არხია. ასევე მინდა ვთქვა, რომ არც მე და არც ჩემი ქმარი პოლიტიკაში წასვლას არ ვაპირებთ და არც ბიზნესის ლობირებისთვის გამოგვიყენებია ტელევიზია”, – განაცხადა მაკა ასათიანმა.
ამ წუთებში ასათიანი ტელეკომპანიის თანამშრომლებს ხვდება. შეხვედრაზე იგი თანამშრომლებს სიტუაციიდან გამოსვლის გეგმას გააცნობს. გეგმას კი შეხვედრის დასრულების შემდეგ გაასაჯაროვებს.