საქართველოში ცხვრის ჭირი დადასტურდა – რა ეკონომიკური კატასტროფის წინაშე დგას საქართველო

საქართველოში ცხვრის ჭირი პირველად დადასტურდა. ამის შესახებ გაზეთი „პრაიმტაიმი“ წერს. გასულ თვეში, ვარკეთილის მახლობლად ერთ-ერთ ფერმაში ცხვრის ჭირის შემთხვევა დაფიქსირდა.
ფარას მეპატრონე კი, მიყენებული ზარალის გამო ,გულის შეტევით გარდაიცვალა.
ადგილობრივი ლაბორატორიის დიაგნოზით კატარული ცხელება, იგივე ბლუტანგი დადგინდა. თუმცა მოგვიანებით სააგენტომ აღებული ნიმუშები ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პირბრაიდის (დიდი ბრიტანეთი) რეფერალურ ლაბორატორიაში გადაგზავნა. გაგზავნილი 11 ნიმუშიდან ცხვრის კატარალური ცხელება არცერთში არ აღმოჩნდა.
რამდენიმე დღის წინ მოვიდა პასუხი, რომ ბლუტანგის ნაცვლად ადგილობრივ ცხვარს ჭირი შეყრია…
ვითარება მას შემდეგ გამწვავდა, რაც აზერბაიჯანმა საზღვარი, ქართული ცხვრის გარდა, მსხვილფეხა რქოსან პირუტყვსაც გადაუკეტა.
მეცხვარეთა ასოციაციის პრეზიდენტის, ბექა გონაშვილის ინფორმაციით, ცხვრის ჭირი საქართველოში რუსეთიდან და სომხეთიდან შემოვიდა.
„უკვე ორი წელია, ვიბრძვით სომხური და რუსული იმპორტის წინააღმდეგ. რაც უნდა გვიმტკიცონ სახელმწიფო სტრუქტურებმა, რომ ეს დაავადება ამ ქვეყნებში არ ფიქსირდება, საფუძვლიანი ეჭვი გვაქვს, რომ ცხვრის ჭირი სწორედ ამ ქვეყნებიდან შემოვიდა. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ რუსეთიდან და სომხეთიდან უკონტროლოდ შემოდის სხვადასხვა საქონელი. მაგალითად, დიდია რისკი იმისა, რომ სომხეთიდან დაავადებულ საქონელს შემოყვეს საბუთი, რომ ის არის სრულიად ჯანმრთელი.
ამიტომაც მე მათ არ ვენდობი და 100 პროცენტით ვარ დარწმუნებული, რომ ეს საქონელი არაკეთილსაიმედოა. ახლახან, იანვარში კიდევ არის შემოსული რუსული ცხვარი. ეს მიდგომა გონივრული არ არის. ვამბობდით, რომ ეს შედეგი დადგებოდა და სამწუხაროა, რომ დადგა…”, – განუცხადა ,,პრაიმტაიმს” ბექა გონიაშვილმა.
გონიაშვილის თქმითვე, საქართველოში 170 ათასი სული ცხვარია ყოველ წელიწადს გასაყიდი. რაც დაახლოებით 15 მილიონი დოლარის პროდუქციაა.
როგორც იგი ამბობს, საქართველოსთვის ეს ჭარბი რაოდენობაა და თუ საზღვარგარეთ არ გავა გასაყიდად, მისი შეფასებით, ეს იქნება კატასტროფა.
ცხვრის ჭირი მწვავე ინფექციური დაავადებაა, რომელიც ხასიათდება კანსა და ლორწოვან გარსზე გამონაყარის განვითარებით. დიდ ეკონომიკურ ზარალს აყენებს მეცხვარეობას. ფარაში მოკლე დროში ავადობამ შეიძლება 100%-ს მიაღწიოს. ლეტალობაც 100%-მდეა. არაკეთილსაიმედო და საშიშროების ქვეშ მყოფ ზონებში ტარდება ვაქცინაცია.
ცხოველები ავადდებიან საძოვარზე, ასევე თივიდანაც.საქართველოში ეს დაავადება აქამდე არასდროს დაფიქსირებულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები