გიორგი ებრალიძე: ქალბატონი ბაია ცრუობს
ტელეკომპანია “მაესტროში” საგანგებო ბრიფინგზე გაკეთებულ განცხადებებს ტელეკომპანიის ყოფილი მეწილე გიორგი ებრალიძე ეხმაურება. ებრალიძის განცხადებით, მას არანაირი შეხება არ ჰქონია ირაკლი რუხაძესთან და მოლაპარაკებებს ძმებ გაჩეჩილაძეებთან აწარმოებდა.
“მე არაფერი არ მაკავშირებს იმ ადამიანთან, მე მქონდა ურთიერთობა გია და ლევან გაჩეჩილაძეებთან. ცრუობს ქალბატონი ბაია, ალბათ კარგი იქნება, ჟურნალისტები თუ გამოართმევთ იმ საბუთს და კარგად ჩაიხედავთ, მასში ყველაფერი გარკვევით წერია – ჩვენ სამი დღის ვადას კი არ ვაძლევთ შესყიდვაზე, ჩვენ ვაძლევთ სამი დღის ვადას მოსაფიქრებლად. სამი დღის ვადაში მათ უნდა ეთქვათ, აპირებენ თუ არა ამ წილის შესყიდვას. მას შემდეგ ჩვენ ველოდებოდით ხუთ დღეს, მერე კიდევ დავუმატეთ დღეები, მგონი, რვა დღე. მაგრამ ამ სამი დღის და რვა დღის განმავლობაში ჩვენ წინადადებაც არ მიგვიღია მათგან შესყიდვის შესახებ, ანუ სურვილიც არ გამოუთქვამთ”,- განაცხადა გიორგი ებრალიძემ.
შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია” მაესტროს” გენერალურმა დირექტორმა ბაია გადაბაძემ საგანგებო ბრიფინგზე მიმოწერა გაასაჯაროვა, რომელიც 2016 წლის 15 იანვრით თარიღდება. გადაბაძის განძხადებით, ეს წერილი მაშინ ჯერ კიდევ პარტნიორებმა – ლევან ჩიკვაიძემ და გიორგი ებრალიძემ გაუგზავნეს ყველა სხვა დანარჩენ პარტნიორს, მათ შორის, მამუკა ღლონტს, ეკა აკობიას, მაკა ასათიანს, სადაც აღნიშნულია, რომ გეგმავენ წილის გასხვისებას მესამე პირზე.
„რადგან უპირატესი შესყიდვის უფლება გაქვთ თქვენ, გთავაზობთ, რომ 2.5 მილიონად იყიდოთ ჩვენი წილი და ეს ყველაფერი გადაგვიხადეთ სამ დღეშიო. წესდების თანახმად, თუ მესამე პირი არ ყიდულობს წილს, არ არის საჭირო ასეთი შეთავაზება, აქედან დასტურდება, რომ ისინი ირაკლი რუხაძეზე ყიდდნენ მაშინ წილს და არა გია გაჩეჩილაძეზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს შეთავაზება საჭირო არ იყო. როდესაც ვითარება გართულდა და მიხვდნენ, რომ ირაკლი რუხაძის გამოჩენა არ იყო მათთვის სასარგებლო, ეს წილი იყიდა გია გაჩეჩილაჩემ,“ – აცხადებს ბაია გადაბაძე.