რაც ფილარმონიის კულისებში ხდება, საზეიმო განწყობაზე ნამდვილად არ დაგაყენებთ -ფოტორეპორტაჟი

გაზეთმა „პრაიმტაიმმა“ თბილისის საკონცერტო დარბაზიდან სკანდალური ფოტორეპორტაჟი მოამზადა.
განახლებული ფილარმონია 2009 წელს ზარ-ზეიმით გაიხსნა, თუმცა ის, რაც ფილარმონიის კულისებში ხდება, საზეიმო განწყობაზე ნამდვილად არ დაგაყენებთ.
ფილარმონიის შესასვლელთან, იქ, სადაც ცნობილ ქართველ შემსრულებლებს ვარსკვლავებს უხსნიან, კერძოდ, ანსამბლ „ქართული ხმების“ ვარსკვლავზე ღია სავაჭრო ჯიხური ჩაუდგამთ.
დარბაზის გვერდითი, სამსახურებრივი შესასვლელის პირველივე სართულიდანვე თვალში მოგხვდებათ სხვადასხვა უცხოელი შემსრულებლის უზარმაზარი პოსტერები.
როგორც სტატიის ავტორი წერს, მსოფლიოში სახელგანთქმულ ჯაზ-შემსრულებლების გვერდით, არც სუხიშვილების პოსტერი იყო და არც სხვა ქართველი ხელოვანის. არადა ასეთები ფილარმონიის სცენას ნამდვილად არასდროს აკლდა, იქნება ეს ნინო რამიშვილი, ნანი ბრეგვაძე, ბუბა კიკაბიძე, „ორერა“, „ივერია“, ლიანა ისაკაძე თუ სხვ.
მიუხედავად იმისა, რომ რემონტში საკმაოდ სოლიდური თანხები დაიხარჯა, ფილარმონიაში ჯერაც იგრძნობა კომუნიზმი. მეოთხე სართულზე საპირფარეშო სწორედ კომუნისტებისდროინდელ ჩეჩმას მოგაგონებთ, საგრიმიორო სამუზეუმო ექსპონატს უფრო ჰგავს, ვიდრე თანამედროვე საკონცერტო დარბაზის აუცილებელ კომპონენტს.
„იქ ჩვენი ყურადღება ძველი ავეჯის ქვეშ გაშლილმა წითელმა ფხვნილმა მიიქცია – როგორც ჩანს, ფილარმონია კომუნიზმისგან კი არა, ჯერ ვირთხებისგანაც არ განთავისუფლებულა.
ორკესტრის ოთახის ამორტიზებული კარი სიფრთხილით შევაღეთ. იქ ერთ მწკრივად ჩალაგებული ძველი და ნახევრად დაფლეთილი ტყავის სკამების გარდა, საინტერესო ვერაფერი ვნახეთ. აღარაფერს ვამბობ ალაგ-ალაგ აყრილ პარკეტზე, კედლებიდან ჩამოშლილ ბათქაშზე, მწყობრიდან გამოსულ ლიფტზე და რაც მთავარია – კულისებში მდგარ მართვის პულტზე, რომელიც, როგორც ერთ-ერთმა თანამშრომელმა იხუმრა, „ლამის საქართველოში ბრეჟნევის სტუმრობის შემდეგ არ შეცვლილა“,- წერს სტატიის ავტორი.
აღსანიშნავია, რომ ფილარმონია ამჟამად „ინტერნეიშენალ ივენთსის“ მფლობელობაშია, რომელსაც ქვეყნის მთავარი და ყველაზე დიდი საკონცერტო დარბაზი, წინა ხელისუფლების დროს 49-წლიანი იჯარით გადაეცა.
იჯარით გადაცემის შემდეგ კომპანიამ ფილარმონიის ფოიე ცალკე გამოყო და დამატებითი შემოსავლის წყაროდ აქცია. ფილარმონიის ფოიეს „ივენთ ჰოლი“ ეწოდა, რომელსაც კომპანია „ვიზარდ ივენთი“ მართავს. თუ ამ კომპანიების დამფუძნებლებს გადავხედავთ, ვნახავთ, რომ საქმე გვაქვს, როგორც მინიმუმ, ინტერესთა კონფლიქტთან.
საკონცერტო დარბაზის მმართველი კომპანიის „ინტერნეიშენალ ივენთსის“ დამფუძნებელთა შორის იყო კულტურისა და ძეგლთა დაცვის მოქმედი მინისტრი მიხეილ გიორგაძე, რომელიც აქციების 20 პროცენტს ფლობდა, 20-20 პროცენტის მფლობელები იყვნენ მინისტრის მოადგილე კახი კანდელაკი და კულტურის განვითარების საინვესტიციო ფონდის ხელმძღვანელი დავით მენაბდე, კახი კანდელაკის მამა, გაიოზ კანდელაკი კი კომპანიაში 5-პროცენტიანი აქციების მფლობელი გახლდათ.
როგორც დავით მენაბდემ „პრაიმტაიმს“ განუცხადა, ამჟამად კულტურის სამინისტროს არცერთ მაღალჩინოსანს „ინტერნეიშენალ ივენთსთან“ შეხება არა აქვს და კომპანიის 100-პროცენტიანი წილის მფლობელი გიორგი კერესელიძეა. ის, ასევე, უარყოფს რაიმე კავშირს „ივენთ ჰოლის“ მმართველ კომპანიასთან, თუმცა დადასტურებული ინფორმაციით, „ვიზარდ ივენთის“ 32-პროცენტიანი წილის მფლობელი სწორედ დავით მენაბდის სიძე ირაკლი შენგელიაა, 36 პროცენტს კი ფლობს გიორგი ჭუბაბრია, რომელსაც მხოლოდ გასულ წელს კულტურის სამინისტრომ პროექტ „სითი საუნდის“ ორგანიზებისთვის უკონკურსოდ 365 ათასი ლარი გადაურიცხა.
თუ ფიქრობთ, რომ 15 ათას ლარად შეგიძლიათ საკონცერტო დარბაზის დაქირავება, ძალიან შემცდარხართ, რადგან ამ შემთხვევაში თქვენ ავტომატურად მოგიწევთ ჰოლის დაქირავებაც. წინააღმდეგ შემთხვევაში კი შესაძლოა, დიდ დარბაზში მიმდინარე ღონისძიება „ივენთ ჰოლში“ პარალელურად მიმდინარე ღონისძიების ხმამ გადაფაროს, ამიტომაც დამატებით 6 ათასი ლარის გაღება მოგიწევთ იმისთვის, რომ „ივენთ ჰოლში“ (ანუ ფილარმონიის ყოფილ ფოიეში) იმავე დროს სხვა ღონისძიება არ ჩატარდეს. საქმე ისაა, რომ ამჟამინდელი „ივენთ ჰოლი“ თავის დროზე დაპროექტებული იყო, როგორც საკონცერტო დარბაზის ფოიე, აქედან გამომდინარე, მას მთავარ დარბაზთან ხმის იზოლაცია არ გააჩნია, თუმცა მიუხედავად ამისა, მმართველმა კომპანიამ ის დამატებითი შემოსავლის წყაროდ აქცია, ისევე როგორც ცენტრალური შესასვლელის ორივე მხარეს განთავსებული გარდერობი.
ერთ მხარეს, გარდერობის ნაცვლად, ამჟამად კაფე „ელვისი“ ფუნქციონირებს, მეორე მხარეს კი – „ივენთ ჰოლის“ ბარი.
15 000 ლარი საკმაოდ დიდი თანხაა და, წესით, ფილარმონიის ყველანაირ მომსახურებას უნდა ფარავდეს, მაგრამ ასე არ არის. ამ თანხაში არ შედის განათება, სცენის იატაკზე გასაფენი შავი „პალავიკი“, ვარსკვლავური ცის ეფექტი, გახმოვანების აპარატურის ნაწილი, რომელიც ღონისძიების ორგანიზატორმა იქვე ფილარმონიაში, ან სხვაგან ცალკე უნდა იქირაოს, აქვე თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ნებისმიერ ღონისძიებაზე ყველაზე პრესტიჟული 2 ლოჟის 40 ადგილს, აბსოლუტურად გაუგებარი მიზეზებით, თავად მმართველი კომპანია იტოვებს, გამოდის, რომ ერთი კონცერტის ჩატარება კონცერტის ორგანიზატორებს, 15 000 ლარის ნაცვლად, არაოფიციალური მონაცემებით 35 000-40 000 ლარი უჯდებათ.
დარბაზის რემონტისთვის ბანკმა თავის დროზე 7 მილიონი ლარის მოცულობით კრედიტი გამოყო, თუმცა „ინტერნეიშენალ ივენთსმა“ კრედიტის დაფარვის გრაფიკი არაერთხელ დაარღვია. კომპანიის ყოფილი მეწილე და ამჟამად კულტურის სამინისტროს მაღალჩინოსანი დავით მენაბდე კონკრეტულ თანხას არ გვიმხელს, თუმცა ადასტურებს, რომ კრედიტის დაფარვაზე პრობლემები ნამდვილად იყო. მისი თქმით, „ქართუ ჯგუფმა“ გარკვეული სარემონტო სამუშაოები შეასრულა, სამუშაოების ნაწილი კი „ინტერნეიშენალ ივენთსმა“ „ქართუ ბანკიდან“ აღებული კრედიტით უზრუნველყო:
„ქართუ ჯგუფმა“ შეასრულა სამუშაოების ნაწილი, დანარჩენ ნაწილზე „ინტერნეიშენალ ივენთსმა“ „ქართუ ბანკში“ აიღო კრედიტი, რომელსაც ახლაც იხდის. კრედიტის დაფარვასთან დაკავშირებით მთელ საქართველოშია პრობლემა. მძიმე თემაა, მაგრამ ვფარავთ ნელ-ნელა. მათ შორის იჯარის თანხასაც ჩვეულებრივ ვიხდით“, – ამბობს დავით მენაბდე, რომელიც მართალია „ინტერნეიშენალ ივენთსთან“ კავშირს უარყოფს, მაგრამ მისი ფრაზა: „თანხასაც ჩვეულებრივ ვიხდით“, მგონი, ნათლად სცემს პასუხს კითხვაზე, რა კავშირი აქვთ კულტურის სამინისტროს მაღალჩინოსნებს ფილარმონიის მმართველ კომპანიასთან.
10
9
7
6
5
4
3
2

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები