რატომ არ უნდა შევიძინოთ ხორცი ე.წ. დეზერტირების ბაზრობაზე – რჩევები სპეციალისტისგან
„ე.წ. დეზერტირების ბაზრის ტერიტორიაზე ხორცის ყიდვა სასურველი არ არის“,-აღნიშნულ რჩევას სურსათის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ანა გემაზაშვილი იძლევა და განმარტავს, რომ ზემოთ ხსენებულ ტერიტორიაზე ხორცი სამაცივრე პირობების გარეთ დევს.
მისივე მტკიცებით, „დეზერტირების ბაზრობაზე“ ქუჩის პირას დგანან და ხორცი ჩამოკიდებულია პირდაპირ ქუჩაში.
„ხორცს სარეალიზაციო და ჰიგიენური პირობების დაცვა სჭირდება. ის უნდა იყოს დახლმაცივარში, იზოლირებულად. უნდა ხდებოდეს ტემპერატურის მართვა,წყლით უზრუნველყოფილი. სასურველი მაცივრის ტემპერატურაა +4 და მაქსიმუმ +7 გრადუსი. ეს არის გაცივებულ-გაგრილებული ხორცი და ამ ტემპერატურაზე უნდა ხდებოდეს მისი რეალიზაცია“, – განაცხადა გაზეთ „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში გემაზაშვილმა.
იგი მომხმარებელს ხორცის ყიდვის დროს გასათვალისწინებელ რჩევებსაც აძლევს. მისი თქმით, პირველ რიგში, მომხმარებელი უნდა ეცადოს, რომ ხორცი არაორგანიზებული ვაჭრობის ადგილას არ შეიძინონ, სადაც ხორცის რეალიზაციის პირობები დაცული არ არის.
„პირობებში იგულისხმება ტემპერატურული რეჟიმის დაცვა და რაც მთავარია, არ არის განსაზღვრული, ლეგალურად და სასაკლაოზე დაკლული ხორცია თუ არა. ანუ უცნობია ხორცის წარმომავლობა“, – აღნიშნა მან.
გარდა ამისა, სურსათის დეპარტამენტის უფროსის მაოდგილე აღნიშნავს, რომ მომხმარებელს უფლება აქვს, რესტორანში შესვლისას მოითხოვოს ხორცის შესყიდვის ჩეკი, სადაც მითითებული იქნება, რომელ რიცხვშია შეძენილი ხორცი, რომელი სასაკლაოდან შეისყიდეს. თუ რომელიმე სარეალიზაციო ობიექტზე შეიძინეს, ექნებათ დოკუმენტი, სადაც მითითებული იქნება, როგორი ფორმა ორით შეიძინეს ეს ხორცის ნაჭერი, რომელ სასაკლაოზეა დაკლული, როდისაა დაკლული და რა ფორმა 2-ით არის მისული სარეალიზაციო სივრცეში.
„ხორცი უნდა ვიყიდოთ სათანადო სარეალიზაციო ობიექტში, ან მაღაზიაში, ან შესაბამისად მოწყობილ ობიექტებში, ბაზარი იქნება, მაღაზია თუ სუპერმარკეტი. ხორცის ყიდვის დროს მომხმარებელი თვითონ უნდა დააკვირდეს, როგორ გამოიყურება ხორცი, ანუ ხორცის დამახასიათებელი შესაბამისი სასიამოვნო სუნი უნდა ჰქონდეს, ფერით უნდა იყოს ღია ვარდისფერი, თითს რომ დააჭერ, ჩაღრმავება ადვილად უნდა სწორდებოდეს, ცხიმს უნდა ჰქონდეს დამახასიათებელი მოყვითალო ფერი და ხელში მოჭყლეტის დროს ცხიმი ადვილად იფშვნებოდესავით. ეს ნიშნავს, რომ ნამდვილად ახალდაკლული ხორცია“, – აღნიშნა ანა გემაზიშვილმა.