გიორგი კვირიკაშვილი კრიზისების საკითხებში ბრიტანეთის მთავრობის მრჩეველს შეხვდა
უსაფრთხოების თემები და კრიზისების ეფექტური მართვის საკითხები განიხლეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ბრიტანეთის მთავრობის მრჩეველმა კრიზისების საკითხებში სერ გარი ჯონსონმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე.
პრემიერმა ბრიტანელ გენერალს მადლობა გადაუხადა საქართველოში კრიზისების მართვის ცენტრის ჩამოყალიბებასა და ამოქმედებაში შეტანილი წვლილისთვის.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ხაზი გაესვა სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს სიტუაციური ოთახის მნიშვნელობას, რომელიც დღეს იხსნება. გამოითქვა იმედი, რომ სიტუაციური ოთახის ამოქმედების შემდეგ, კრიზისულ სიტუაციებში უწყებების კოორდინაცია და კრიზისული ვითარების მართვის ხარისხი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.
საუბარი შეეხო დიდი ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოსა და საქართველოს შორის არსებულ სტრატეგიულ ურთიერთობებს და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს.
შეხვედრას დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს ელჩი საქართველოში ალექსანდრა ჰოლ ჰოლი დაესწრო.
გენერალი სერ გარი ჯონსონი 1990-იან წლებში ევროპაში მოკავშირეთა ჯარებს ხელმძღვანელობდა. სხვადასხვა დროს იგი მოღვაწეობდა ბალტიის ქვეყნებსა და კავკასიის რეგიონში.