ირაკლი ღარიბაშვილის ნიდერლანდებში ვიზიტი პრემიერთან შეხვედრით დაიწყო

  საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ნიდერლანდების სამეფოში ვიზიტი დაიწყო. ვიზიტის დასაწყისს ქართული დელეგაცია მასპინძელი ქვეყნის პრემიერ-მინისტრ მარკ რუტესს შეხვდა. შეხვედრა კაცჰუისის რეზიდენციაში გაიმართა.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის პრესსამსახურის ცნობით, საქართველოს მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა ნიდერლანდების სამეფოს პრემიერ-მინისტრს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისა და ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკისთვის.
მხარეებმა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. გამოითქვა პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების კიდევ გაღრმავების სურვილი. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ასოცირების შესახებ შეთანხმების პარაფირებით საქართველო ევროკავშირში ინტეგრაციის უმნიშვნელოვანეს პროცესს იწყებს.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სავაჭრო–ეკონომიკური საკითხების განხილვას. საქართველოს მთავრობის მეთაურის ინფორმაციით, ნიდერლანდების სამეფო, საქართველოში განხორციელებული ინვესტიციების რაოდენობით, ერთ-ერთი ლიდერია და სულ უფრო იზრდება იმ ჰოლანდიური კომპანიების რაოდენობა, რომლებიც თავიანთ რეგიონულ წარმომადგენლობებს საქართველოში ხსნიან.
პრემიერი ჰოლანდიელი ინვესტორების დაინტერესებით მოხარულია და იმედოვნებს, რომ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის სფეროები კიდევ უფრო გაღრმავდება.
საუბარი ორმხრივი მაღალი დონის ვიზიტების მნიშვნელობასაც შეეხო. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობა მიესალმება ნიდერლანდების სამეფოს თავდაცვის მინისტრის ვიზიტს თბილისში, რომელიც მარტის ბოლოს შედგება.
ნიდერლანდების სამეფოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, გარემოს დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძე და ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს ელჩი შოთა ღვინერია დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები