რუსულმა სამხედრო თვითმფრინავმა ისრაელის საჰაერო სივრცე დაარღვია
რუსულმა სამხედრო თვითმფრინავმა ისრაელის საჰაერო სივრცე დაარღვია, აღნიშნულ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
წყაროს ცნობით, რუსული ავიაგამანადგურებელი სირიის სამხრეთ რაიონში ახორციელებდა ფრენას, რა დროსაც ისრაელის სივრცეში შეიჭრა. თუმცა, დამატებითი დეტალები, თუ სად დაფიქსირდა სივრცის დარღვევა და რა ტიპის თვითმფრინავზეა საუბარი, უცნობია.
ოფიციალური წყაროები ინციდენტის შესახებ კომენტარს ამ დროისთვის არ აკეთებენ.
ეს რუსეთის თვითმფრინავის მიერ ისრაელის საჰაერო სივრცის დარღვევის პირველი ფაქტი არ არის. გასული წლის ნოემბერში რუსული ავიაგამანადგურებელი გოლანის მაღლობის საჰაერო სივრცეში შეიჭრა. მაშინ რუსულ თვითმფრინავს ისრაელმა, რადიოკავშირის საშუალებით, ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა.