სალვადორში სამხედროებს ეძებენ, რომლებმაც 1989 წელს სასულიერო პირები დახოცეს
სალვადორის პოლიციამ ინფორმაცია გაავრცელა, რომლის მიხედვითაც დაწყებულია 17 ყოფილი სამხედრო მოსამსახურის ძებნის ოპერაცია. მათ ქვეყანაში მიმდინარე სამოქალაქო ომის პერიოდში ექვსი სასულიერო პირის მკვლელობაში ედებათ ბრალი.
„ბი-ბი-სის“ ცნობით, მკვლელობა 1989 წლის ნოემბერში დედაქალაქის სან-სალვადორის საუნივერსიტეტო ქალაქში მოხდა. ხუთი სასულიერო პირი ესპანეთის მოქალაქე იყო. მიმდინარე წლის იანვარში ინტერპოლმა ესპანეთის განაცხადის საფუძველზე მკვლელობაში ეჭვმიტანილთა დაკავების ორდერი გასცა. ცნობისთვის, სალვადორში 1979 -დან 1992 წლამდე სამოქალაქო ომი მიმდინარეობდა. ამ პერიოდში 75 ათასი ადამიანი დაიღუპა. ხოლო რვა ათასი – უგზო-უკვლოდ დაიკარგა.