ჩრდილოეთ კორეა აცხადებს, რომ მისი ბირთვული პროგრამა სამხრეთ კორეის წინააღმდეგ არ არის მიმართული
ჩრდილოეთ კორეაში ბირთვული იარაღის შექმნის პროგრამა სამხრეთ კორეის წინააღმდეგ მიმართული არ არის. ამის შესახებ ფხენიანმა განაცხადა. ინფორმაციას ჩრდილოეთ კორეის ოფიციალური გამოცემა, გაზეთი „ნოდონ სინმუმი“ ავრცელებს.
„ჩვენ ბირთვულ პროგრამას იმისთვის არ ვანვითარებთ, რომ სამხრეთ კორეის მოსახლეობა ატომური იარაღით დავბომბოთ. ჩვენი პროგრამის მიზანია, რომ ხელი შევუშალოთ ვაშინგტონს, გააჩაღოს ბირთვული ომი და კორეის ნახევარკუნძულზე მშვიდობა შენარჩუნდეს“, – ნათქვამია ამ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ჩრდილოეთ კორეამ 6 იანვარს წყალბადის ბომბის გამოცდის შესახებ განაცხადა. ამით ფხენიანმა გაეროს სანქციები დაარღვია, რომელიც მას ნებისმიერი სახის ბირთვული აფეთქებების ჩატარებას და ბალისტიკური რაკეტების გაშვებას უკრძალავს.