ეკა ბესელია რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის შესახებ კანონპროქტზე: ამ საკითხზე სიჩქარე არ ვარგა

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას თქმით, რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის შესახებ პარლამენტში შესული კანონპროექტი ფაქიზ თემას უკავშირდება და საკითხი საფუძვლიანად შესწავლას საჭიროებს.
როგორც ბესელიამ გადაცემა “პოლიტიკაში“ განაცხადა, ნორმის ფორმულირება უნდა მოხდეს გააზრებულად და კონსენსუსის შედეგად.
“ჩვენ ვალდებულნი ვართ, ყველა კანონპროეტი განვიხილოთ და ჩვენი ხედვა შევთავაზოთ კანონპორექტის ინიციატორს. ეს დასკვნა ვერ აჩერებს ვერცერთ კანონპროექტს, ის განიხილება შემდეგ იურიდიულ კომიტეტზე და მოხდება ამ საკითხების ახლებურად ფორმულირება.
ჩვენი კომიტეტის ცალკეული წევრები მიიჩნევდნენ, რომ უნდა ყოფილიყო ისე, როგორც სხვა ქვეყნის კანონმდებლობებაშია, სისხლის სამართლის კოდექსში უწერიათ პირდაპირ ასეთი ფორმულირებები, უბრალოდ ცოტა უფრო დახვეწილი და სტანდარტული, სადაც არის კლასიკური მოდელი ქვეყნისთვის. მაგრამ მე პირადად ვისურვებდი და ვფიქრობ ეს პოზიცია აქვთ თავად ინიციატორსაც და ავტორსაც რომ ამ საკითხზე არ ვარგა სიჩქარე და კარგი იქნებოდა თუ ეს ფორმულირებები შეთანხმებულად, ძალიან გააზრებულად, ფრთხილად და კონსენსუსის წესით ისე შემუშავდებოდა, რომ ორივე უფლებას შორის ბალანსს დაიცავს იმიტომ, რომ ეს ძალიან ფაქიზი თემაა“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
საქართველოს პარლამენტის წევრის სოსო ჯაჭვლიანის მიერ ინიცირებული კანონპროექტი ითვალისწინებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში 1661-ე მუხლის დამატებას, რომლის თანახმად, პირს, რომელიც საჯაროდ გამოხატავს სიძულვილს რელიგიური სიწმინდეების, რელიგიური ორგანიზაციის, ღვთისმსახურის და მორწმუნის მიმართ, ან/და გამოაქვეყნებს ან აჩვენებს ისეთ მასალას, რაც მიზნად ისახავს მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფას, დაეკისრება ადმინისტრაციული სახდელი – ჯარიმა. ამავე კანონპროექტით ჯარიმას ითვალისწინებს რელიგიური შენობების და სხვა რელიგიური სიწმინდეების წაბილწვა, მასზე ნებისმიერი წარწერის გაკეთება ან დაზიანება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები