„თოფაძის გამოსვლას რეაგირება უნდა მოჰყვეს, რომ მომავალში სხვა პოლიტიკოსებისთვის იყოს სამაგალითო“
„რესპუბლიკური პარტიის“ წევრმა დავით ზურაბიშვილმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გოგი თოფაძის გამოსვლა მკვეთრად უარყოფითად შეაფასა. ზურაბიშვილის განცხადებით, თოფაძის გამოსვლა არაკორექტული იყო და მის გამოსვლას რეაგირება უნდა მოჰყვეს.
„ძალიან არაკორექტული იყო გოგი თოფაძის გამოსვლა. ეს აღნიშნა „ქართული ოცნების“ ფრაქციის ხელმძღვანელმა გიორგი ვოლსკიმაც. მისი გამოსვლის მიმართ მთლიანად საზოგადოების რეაქცია ერთსულოვანი იყო. ჩემი შეფასება მკვეთრად უარყოფითია. რაიმე სანქციები იქნება თუ არა მიღებული, არ ვიცი, მაგრამ, ბუნებრივია, ამ გამოსვლას რეაგირება უნდა მოჰყვეს და მომავალში სხვა პოლიტიკოსებისთვის იყოს სამაგალითო, რომ ასეთ თემებზე ასეთი ლაპარაკი არ შეიძლება“,- აღნიშნა დავით ზურაბიშვილმა.
რაც შეეხება, ზოგადად, პრეზიდენტის გამოსვლას, ზურაბიშვილის განცხადებით, მისი თქმით, საზოგადოებამ უნდა გაითვალისწინოს ის, რომ საქართველო აღარ არის საპრეზიდენტო რესპუბლიკა, ეს არის საპარლამენტო რესპუბლიკა და პრეზიდენტი არ არის მთავრობის ხელმძღვანელი.
„ეს რაღაცნაირად შემორჩენილია იმ დროიდან, როცა პრეზიდენტი იყო მთავრობის ხელმძღვანელი. დღეს პრეზიდენტის ფუნქცია ცოტა სხვაა, ამიტომაც, ვფიქრობ ,მას კარგი გამოსვლა ჰქონდა. მან უბრალოდ უნდა ილაპარაკოს მიმდინარე პროცესების ტენდენციებზე. იყო მინიშნებები პრობლემებზე, არ იყო ჩაღრმავება და, ბუნებრივია, პრეზიდენტი მკვეთრი კრიტიკით არც უნდა გამოდიოდეს. იყო ლაპარაკი იმ პერსპექტივაზე, რაც ქვეყანას უნდა ჰქონდეს. მთლიანობაში იყო დადასტურება იმ ევროპული კურსისა, რომელსაც ქართული სახელმწიფო ადგას“,- აღნიშნა ზურაბიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ უმრავლესობის წევრმა გოგი თოფაძემ საქართველოს პრეზიდენტი საპარლამენტო ტრიბუნიდან ქართველი ხალხის შეურაცხყოფაში დაადანაშაულა. აღნიშნული ბრალდება დეპუტატმა პრეზიდენტს იმ დროს წაუყენა, როდესაც იგი დეპუტატებს ტრიბუნიდან უსმენდა.
„ქართველი ხალხი თქვენ დაუნებს შეადარეთ. ძალიან სამწუხაროა, თუ თქვენ ასე აფასებთ საქართველოს მოსახლეობას, მაშინ არც პრეზიდენტობა უნდა გეკადრათ. თქვენ ხართ პირველი კაცი საქართველოში, თქვენი ყველა სიტყვა და ბგერა ანალიზდება“, – განაცხადა დეპუტატმა პრეზიდენტის მისამართით.
თოფაძის ბრალდებას პრეზიდენტმა გაკვირვებული ჟესტით უპასუხა.