ლადო ბოჟაძე საგამოძიებო კომისიის შექმნაზე: ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ როგორც რეჟიმი გასამართლდეს

“ჩვენ მივეცით დაპირება ჩვენს მოქალაქეებს, რომ მაქსიმალურად მოვახდენდით „ნაციონალური მოძრაობის“ ლუსტრირებას, მოვახდენდით მათ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას, თუ ამის საჭიროება იქნება და გამოიკვეთება კომისიის მუშაობის დროს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლადო ბოჟაძემ საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, საზოგადოება უახლოეს მომავალში გაიგებს ვინ იქნებიან კომისიის წევრები.

„ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ როგორც რეჟიმი გასამართლდეს სამართლებრივად. სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაზე მოიხადეს არაერთი სასჯელი „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა. არაერთი ლიდერი დღემდე არის გაქცეული საქართველოდან და ემალება მართლმსაჯულებას. თუმცა ეს იყო კონკრეტული პირების სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა და არა „ნაციონალური მოძრაობის“. ძალიან მნიშვნელოვანია ის კომპონენტები და მიმართულებები, რომელზეც იმუშავებს კომისია. იცით, რომ თებერვალში შეიქმნება, პირველივე სასესიო კვირაში. ვინ უხელმძღვანელებს გუნდს, ვინ იქნებიან ამ კომისიის წევრები „ქართული ოცნების“ მხრიდან, ამას უახლოეს მომავალში გაიგებს საზოგადოება. რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი იქნება სხვა ოპოზიციური პარტიების ჩართულობა. იცით, რომ ოპოზიციური პარტიები არ შემოდიან პარლამენტში თუმცა, რეგლამენტიდან გამომდინარე ჩვენ მაინც შევქმნით კომისიას“, – განაცხადა ლადო ბოჟაძემ.

საქართველოს პარლამენტში საგაზაფხულო სესიის პირველივე კვირაში შეიქმნება 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები