კახა კალაძე საგამოძიებო კომისიის შექმნაზე: ჩვენი საარჩევნო დაპირება იყო, რომ ვისაც ქვეყნის წინაშე მოღალატეობრივი ქმედებები აქვს ჩადენილი, პასუხი უნდა აგონ
„ვისაც ქვეყნის წინაშე მოღალატეობრივი ქმედებები აქვს ჩადენილი, პასუხი ყველამ უნდა აგოს“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან მმართველი პარტიის მიერ დაანონსებულ საკითხზე ისაუბრა, რომლის თანახმადაც „ნაციონალური მოძრაობის“ დროინდელი საქმეების გამოძიებისთვის პარლამენტში სპეციალური კომისია შეიქმნება.
კახა კალაძის თქმით, ეს იყო „ქართული ოცნების“ საარჩევნო დაპირება, რომ ქვეყნის წინაშე მოღალატეობრივი ქმედებების ჩამდენ პირებს პასუხი შესაბამისად უნდა გაეცეთ.
„რა თქმა უნდა, ეს იყო ჩვენი საარჩევნო დაპირება, რომ ვისაც ქვეყნის წინაშე მოღალატეობრივი ქმედებები აქვს ჩადენილი, პასუხი ყველამ უნდა აგოს. ქვეყანაში არ უნდა იყოს ისეთი პოლიტიკური პარტიები, რომლებიც სხვა ქვეყნის ინტერესებს ემსახურებიან. სამწუხაროდ, ჩვენ გვყავს გარკვეული პოლიტიკოსები და პოლიტიკური პარტია, რომელმაც მოღალატეობრივი ქმედებები ჩაიდინა. არ ვიცი ეს ვისი დავალებით კეთდებოდა, ვის ინტერესებს ემსახურებოდა. თუმცა, ფაქტები სახეზეა – დავკარგეთ ტერიტორიები, დავკარგეთ მშვიდობიანი მოსახლეობა, გმირი ჯარისკაცები, მივიღეთ ლტოლვილები. ამ ყველაფერს შესაბამისი პასუხის გაცემა სჭირდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.