შვედეთის პრემიერ-მინისტრი: ქვეყანა ომში არ არის, მაგრამ არც მშვიდობა აქვს
ქვეყანა ომში არ არის, მაგრამ არც მშვიდობა აქვს,- ეს განცხადება შვედეთის პრემიერ-მინისტრმა ულფ კრისტერსონმა ბალტიის ზღვის ფსკერზე გამავალი კაბელების დაზიანების ფაქტზე გააკეთა.
შვედეთის მთავრობის მეთაურის თქმით, ქვეყანა ბალტიის ზღვაში სამ სამხედრო ხომალდს და სადაზვერვო თვითმფრინავს გააგზავნის, რათა ხელი შეუწყოს ნატო-ს ძალისხმევას, რომელიც მიმართულია კრიტიკული ინფრასტრუქტურისა და რუსეთის ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის მონიტორინგის გაძლიერებისკენ.
„შვედეთი ომში არ არის, მაგრამ არც მშვიდობა აქვს. ნამდვილი მშვიდობა მოითხოვს თავისუფლებას და ქვეყნებს შორის სხვადასხვა კონფლიქტის არარსებობას, მაგრამ ჩვენ და მეზობელი ქვეყნები მოწყვლადები ვართ ჰიბრიდული თავდასხმებისთვის, რომლებსაც ახორციელებენ არა რობოტებით ან სამხედროების გამოყენებით, არამედ კომპიუტერებით, ფულით, დეზინფორმაციით და საბოტაჟის რისკებით“, – განაცხადა შვედეთის პრემიერ-მინისტრმა.
კრისტერსონმა განაცხადა, რომ ფინეთისა და ესტონეთის დამაკავშირებელი კაბელის დაზიანების შემდეგ შვედეთმა ადგილზე სამაშველო გემი გაგზავნა.
„შვედეთი არავის არ ადანაშაულებს საბოტაჟში მყარი მიზეზების გარეშე. სამუშაო გრძელდება და ეროვნული უშიშროების საბჭო ინფორმაციას იღებს, მაგრამ ჩვენ არ ვართ მიამიტები. უსაფრთხოების კუთხით სიტუაციამ და იმან, რომ დროდადრო უცნაური რაღაცები ხდება ბალტიის ზღვაში, მიგვიყვანა დასკვნამდე, რომ მტრული განზრახვების გამორიცხვა არ შეიძლება“, – განაცხადა შვედეთის მთავრობის მეთაურმა.
ულფ კრისტერსონის თქმით, ის ამ საკითხზე ბალტიისპირეთის სახელმწიფოების ლიდერებთან შეხვედრაზე 14 იანვარს, ჰელსინკიში ისაუბრებს.