პარლამენტის შესასვლელთან რკინის დამცავი ჯებირის დაზიანების ბრალდებით საბა მეფარიშვილს და ომარ ოკრიბელაშვილს შესაძლოა, საპროცესო შეთანხმება გაუფორმდეთ
პარლამენტის შესასვლელთან რკინის დამცავი ჯებირის დაზიანების ბრალდებით 14 მაისს დაკავებულ საბა მეფარიშვილს და ომარ ოკრიბელაშვილს შესაძლოა, საპროცესო შეთანხმება გაუფორმდეთ.
პროკურორ ნუგზარ ჭიტაძის განცხადებით, დაცვის მხარემ გამოთქვა სურვილი, რომ საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე სურს მოლაპარაკების დაწყება.
“მზად ვიყავით, მხარეები დასკვნითი სიტყვები წარმოგვეთქვა და მოცემული სისხლის სამართლის საქმე, თუმცა, მოსამართლემ მხარეებს შეკითხვა დაუსვა, მიმდინარეობდა თუ არა, ან სურდათ თუ არა საპროცესო შეთანხმებაზე შეთანხმების მიღწევა. ბრალდების მხარემ აღნიშნა ის ფაქტი, რომ საბა მეფარიშვილი და ომარ ოკრიბელაშვილი დაკავებული არიან 2024 წლის 16 მაისს და მას შემდეგ, არცერთი განცხადება პროკურატურაში არ შემოსულა თხოვნით, რომ მათ მიმართ გამოყენებულიყო საპროცესო შეთანხმება. აღნიშნული განმარტების შემდეგ, დაცვის მხარემ გამოთქვა სურვილი, რომ საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე სურს მოლაპარაკების დაწყება. ეს არ ნიშნავს აპრიორი, რომ მათ საპროცესო შეთანხმება გაუფორმდებათ. ჩვენ მომართვის განხილვის ვალდებულება გაგვაჩნია და წერილობით პასუხს გავცემთ”, – განაცხადა პროკურორმა.
ცნობისთვის, საბა მეფარიშვილს და ომარ ოკრიბელაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით აქვთ წარდგენილი, რაც ნივთის ჯგუფურად დაზიანებას გულისხმობს.