იემენში „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერი მოკლეს
ტერორისტული დაჯგუფების „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერი იემენში უპილოტო საფრენი აპარატიდან განხორციელებული ავიადარტყმით გაანადგურეს.
უპილოტო თვითმფრინავმა ის ავტომობილი დაბომბა, რომელშიც ჯალალ ბალიდი და მისი ორი თანაშემწე გადაადგილდებოდნენ.
ტელეარხ „ალ არაბიას“ ინფორმაციით, ტერორისტები ამერიკულმა საფრენმა აპარატმა გაანადგურა. ისინი იემენის სამხრეთ ნაწილში ქალაქებს – ზინჯიბარსა და შაქრას შორის მოძრაობდნენ. ამავე ინფორმაციის მიხედვით, ტერორისტული დაჯგუფების „ალ-ქაიდას“ ექვსი „ბოევიკი“ შაბვას პროვინციაში ასევე ამერიკული უპილოტო საფრენი აპარატის დარტყმის შედეგად გაანადგურეს.
იემენში უკვე მესამე წელია სამოქალაქო ომი მიმდინარეობს. მასში, ერთი მხრივ, ამბოხებული ხუსიტები და ყოფილი პრეზიდენტ სალეჰისადმი ლოიალურად განწყობილი საჯარისო ნაწილები მონაწილეობენ, ხოლო, მეორე მხრივ – დევნილი პრეზიდენტის, აბდ რაბუ მანსურ ჰადის ძალები, რომლებსაც არაბული კოალიციაც მხარს უჭერს.